მიხეილ სარჯველაძე - არ შეიძლება, ყველაფერი პოლიტიკისა და პიარის ნაწილად გახდეს, მით უმეტეს საკითხები, რომელიც სამართლებრივია, იურისდიქციები არსებობს
ზოგიერთი თანამდებობის პირის მხრიდან წინასწარ ინსინუაციების დაგეგმვა უკრაინის ხელისუფლებაში ან ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, არ არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს განამტკიცებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მიხეილ სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება დაიწყეს, ამის შესახებ უშუალოდ მომაწოდეს ინფორმაცია“
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, არ შეიძლება, ყველაფერი პოლიტიკისა და პიარის ნაწილად გახდეს, მით უმეტეს, საკითხები, რომლებიც სამართლებრივია, იურისდიქციები არსებობს.
„მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს ვინმე უკრაინის ხელისუფლებაში სააკაშვილს პოლიტიკურად გულშემატკივრობს, არ შეიძლება, ყველა წესი გვერდზე გადაიდოს და დარღვევით რაღაც პროცედურები წარიმართებოდეს. სუვერენული სახელმწიფო ვართ და ეს ყველაფერი ნუ გიხარიათ მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება სააკაშვილს გულშემატკივრობდეთ, ეს თქვენი ქვეყნის უპატივცემულობაა. მხოლოდ პიარის მოტივით და ფაქტების საწინააღმდეგოდ ერთი სახელმწიფოს მიერ მეორეს წინააღმდეგ აქტივობების დაგეგმვა არ არის ის, რაც უნდა გიხაროდეთ. წინასწარ ინსინუაციების დაგეგმვა ზოგიერთი თანამდებობის პირის მხრიდან უკრაინის ხელისუფლებაში ან ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, არ არის ის, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს განამტკიცებს“, – აცხადებს სარჯველაძე.