გიული ალასანია - სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება დაიწყეს, ამის შესახებ უშუალოდ მომაწოდეს ინფორმაცია
გიული ალასანია - სააკაშვილის მოწამვლასთან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება დაიწყეს, ამის შესახებ უშუალოდ მომაწოდეს ინფორმაცია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილი მოინახულა.

როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს გიული ალასანიამ განუცხადა, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით კარგი მდგომარეობა არ არის. მისივე თქმით, კახექსიისთვის დამახასიათებელი პროცესები გრძელდება.

„კახექსიური პროცესები გრძელდება და ღრმავდება, რაზეც რამდენი ხანია, ექიმები ლაპარაკობენ. სულ ცოტა ხნის წინ ამერიკელი ექსპერტიც ლაპარაკობდა. ჯანმრთელობის კუთხით, რა თქმა უნდა, სახარბიელო მდგომარეობა არ არის“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, გიული ალასანიას განცხადებით, უკრაინის მართლმსაჯულებამ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გიული ალასანიას თქმით, ამასთან დაკავშირებით უშუალოდ მას მიაწოდეს ინფორმაცია.

„ძალიან გააქტიურებულია უკრაინის მართლმსაჯულება. დაიწყეს კვლევა მის მოწამვლასთან დაკავშირებით. უკრაინამ დაიწყო გამოძიება. უშუალოდ მე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ დაიწყო გამოძიება. ოფიციალურ კიევში დაიწყო“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

კითხვაზე, საქმეში ჩართულია თუ არა უკრაინელი ადვოკატი, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ჩართულია. „ცხადია“, – აღნიშნა გიული ალასანიამ კითხვის საპასუხოდ.

რაც შეეხება ე.წ. მაგნიტსკის სიას, გიული ალასანიას თქმით, ამ პროცესში არანაირი ფორმით არ არის ჩართული.

„არანაირი ფორმით არ ვარ ჩართული ამ პროცესში, ამიტომ ვერაფერს გიპასუხებთ. ვინც არის უშუალოდ ჩართული და ვინც მონაწილეობს, მათ ეცოდინებათ. მე რომ მკითხოთ, არის საჭირო. მთელმა მსოფლიომ ნახა რტყმევის კადრები, ჩალეწილი რომ აქვს ყველაფერი. როგორ, თავისით ჩაილეწა?“ – აღნიშნა გიული ალასანიამ.

ჟურნალისტებმა გიული ალასანიას კითხვით მიმართეს მასთან დაკავშირებით გავრცელებული ჩანაწერების შესახებაც. კერძოდ, კითხვაზე, როგორ შეაფასებდა პარლამენტარების მოწოდებას, რომელიც ჩანაწერებზე ავთენტურობის დასადგენად ექსპერტიზისთვის მიმართვას ეხება, გიული ალასანიამ განაცხადა:

„როგორც უნდათ, ისე მიმართონ, მე ეგ მხარე არ მაინტერესებს. აქ მხოლოდ ჩემი შვილისთვის მოვდივარ. სხვა დანარჩენი ინტრიგები არ მაინტერესებს“, – აღნიშნა ალასანიამ.