მიხეილ სარჯველაძე - აბსოლუტურად უსაფუძვლოა მცდელობები, რამენაირად მოაჩვენონ, თითქოს საქართველოს ემადლიერება რუსეთი, რაც არის მტკნარი სიცრუე
აბსოლუტურად უნაყოფო, უაზრო და უსაფუძვლოა მცდელობები, რამენაირად დააკავშირონ საქართველოს პოზიცია, კრიტიკული პოზიცია, მათ შორის რუსეთთან მიმართებით, უკრაინის მოვლენებთან, რამენაირად მოაჩვენონ, თითქოს საქართველოს ემადლიერება რუსეთის ფედერაცია, რაც არის მტკნარი სიცრუე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სავაჭრო საკითხებზე მუშაობა დიდი ხნით ადრე დაიწყო და არ ემთხვევა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს.
„ეს არის ფუჭი მცდელობა, რომ შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში, ასე ნაწილობრივი, დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდების გზით. პირდაპირ ვთქვათ, რომ ამ საკითხზე მუშაობა საკმაოდ დიდი ხნით ადრეა დაწყებული და ეს აბსოლუტურად არ ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც დაიძაბა ურთიერთობები უკრაინასა და რუსეთს შორის. იმავდროულად, ეს უკავშირდება არა მხოლოდ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობებს, არამედ რიგ სახელმწიფოებთან ურთიერთობებს. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, ინტერპრეტაციები, რომელსაც საზოგადოებას სთავაზობს ზოგიერთი ოპოზიციონერი, სამწუხაროდ, კვლავ გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ იაფფასიანი სპეკულაცია. აბსოლუტურად უნაყოფოა, აბსოლუტურად უაზროა და უსაფუძვლოა მცდელობები, რამენაირად დააკავშირონ საქართველოს პოზიცია, კრიტიკული პოზიცია, მათ შორის რუსეთთან მიმართებით, უკრაინის მოვლენებთან, რათა რამენაირად მოაჩვენონ, თითქოს საქართველოს რეალურად ემადლიერება რუსეთის ფედერაცია, რაც კატეგორიულად გამორიცხულია და ტყუილია, მტკნარი სიცრუე. შესაბამისად, ერთიმეორესთან კავშირში მყოფ ფაქტებად ვერ ჩაითვლება და ყველას ვთხოვ, თავი შეიკავონ ასეთი სპეკულაციებისგან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია არაერთხელ იყო ახსნილი.
„არაერთხელ აიხსნა ყველა კრიტერიუმით, საქართველოს მხრიდან სანქციებზე საუბარი რომ არ არის გონივრული. მე ვფიქრობ, ამაში დარწმუნების შესაძლებლობა ყველას ჰქონდა. ეს, რასაკვირველია, შეეხება ვაჭრობის ყველა სექტორს, რომელზეც შეიძლება იყოს საუბარი საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვის თვალსაზრისით. ამიტომ არ მგონია, რომ გამონაკლისი უნდა დაწესდეს რომელიღაც პროდუქტთან მიმართებით და განსხვავებული რეჟიმი უნდა დადგინდეს“, – დასძინა სარჯველაძემ.