მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის, პრემიერ-მინისტრობა ორი წლით იტვირთოს
მზად ვარ, ვიტვირთო მთავრობის ხელმძღვანელის ფუნქცია, ვიქნები პრემიერ-მინისტრი არასრული ვადით, მაქსიმუმ ორი წელი, რაც იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა ამოვათრიო ჭაობიდან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მთელმა რიგმა სხვა ადამიანებმა დააყენეს საკითხი იმისა, რომ მე გავხდე საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ამაზე ბევრს ვფიქრობ და მინდა გითხრათ, რომ მზად ვარ ვიტვირთო ეს ფუნქცია არა იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდე და იმისთვის, რომ ხელისუფლება მენატრება, ნამდვილად არ მენატრება და მინდა გითხრათ, რომ ვიქნები პრემიერ-მინისტრი არასრული ვადით, არამედ მაქსიმუმ ორი წელიწადი. ეს ორი წელი იქნება საკმარისი, რომ ქვეყანა ამოვათრიო ჭაობიდან და ძალიან სწრაფად წავიდეთ წინ. ამაში ვარ დარწმუნებული. მზად ვარ, ვიკისრო ეს და 24 საათი ვიმუშაო, შვიდი დღე კვირაში ვიმუშაო და თქვენ იცით, რომ ამის უნარი მე მაქვს. ყველამ ერთად, სხვადასხვა შეხედულების ადამიანმა ძალიან ფართო ფრონტით უნდა შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში დაბრუნების ზუსტი დრო არ დაუსახელებია.
„ბევრს მეკითხებიან, როდის ჩამოვალ საქართველოში, მე ჩამოვალ ისეთ პირობებში რაც არ გამოიწვევს დაპირისპირებას და რაღაც სახის არეულობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს მშვიდობიანად, რადგან თავის დროზე, ხელისუფლება გადავაბარე მშვიდობიანად. ნამდვილად არ ვაპირებ არეულობით ხელისუფლებაში მოსვლას“,- აღნიშნა სააკაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ძალა ერთობაშიას“ პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა.