მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაბარების უწყებას ხელი მოაწერა
კიევის სააპელაციო სასამართლოში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკითხვაზე დაბარების უწყება ჩააბარეს. “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერი უწყებაში 26 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიბარეს.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა დოკუმენტს ხელი მოაწერა.
სააკაშვილის თქმით, მას სურს, ყველამ ნახოს, რომ დოკუმენტი ჩაიბარა და ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.
მიხეილ სააკაშვილი თავად ითხოვდა, რომ მისი საქმე არა გენერალურმა პროკურატურამ, არამედ უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისმა სამმართველომ აწარმოოს.
კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გადაიდო. სააპელაციო სასამართლოს დღეს გენერალური პროკურატურის საჩივარი უნდა განეხილა. სხდომა 3 იანვარს ჩატარდება.