კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გადაიდო
კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გადაიდო

კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გადაიდო. სააპელაციო სასამართლოს დღეს გენერალური პროკურატურის საჩივარი უნდა განეხილა. სხდომა 3 იანვარს ჩატარდება.

დღევანდელი სხდომის დაწყებამდე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის არ ენდობა უკრაინის სასამართლო სისტემას. სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს განკარგულებით, იმ მოსამართლის წინააღმდეგ, რომელმაც ის გაათავისუფლა, დევნაა დაწყებული.

ამას გარდა, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იუსტიციის საბჭოს მიმართა იმ სასამართლოების გაუქმების მოთხოვნით, რომლებიც მის საქმეს განიხილავს.

„დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლარისა ცოკოლის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეტანილია ორი საჩივარი. ეს არის მოსამართლე, რომელიც აღმოჩნდა მამაცი და მთელ სისტემას წინ აღუდგა, რომელმაც დაწერა, რომ ჩემ წინააღმდეგ საქმე არის გაყალბებული, მტკიცებულებები ყალბია, ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვევა, პროკურატურა კი ტყუის.

ლარისა ცოკოლი სიმართლის თქმისთვის დღეს იდევნება, მისი სამსახურიდან გათავისუფლება გამოგონილი ბრალდებების საფუძველზე უნდათ. ლარისა ცოკოლს რომ პროკურატურის მითითებები შეესრულებინა, როგორც ეს მაგალითად დანგაძის საქმის მოსამართლემ გააკეთა, მას მისცეს საუკეთესო კაბინეტი. ჩვენ შემთხვევაში კი მოსამართლე იდევნება.

გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა შეიტანა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წერილი, რომელშიც პეჩერსკის სასამართლოსა და ამ სააპელაციო სასამართლოს გაუქმებას ითხოვს. წარმოგიდგენიათ რაზე ვსაუბრობთ?! სააკაშვილის გასამართლებისთვის უკრაინის პრეზიდენტმა ყველა ამ მოსამართლეს უთხრა, რომ თუ სააკაშვილს არ დააპატიმრებთ, ყველას გაგათავისუფლებთ”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კიევის სააპელაციო სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის საჩივარი უნდა განეხილა.

გენერალურმა პროკურატურამ გაასაჩივრა კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

უკრაინის გენერალური პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელშეწყობაში ადანაშაულებს.