მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე პენიტენციურმა სამსახურმა თარჯიმნის აცილება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე პენიტენციურმა სამსახურმა თარჯიმნის აცილება მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა, ნიკოლოზ აბრამიშვილმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, სხდომიდან აცილებულ იქნეს თარჯიმანი ლევან მეტრეველი, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

როგორც სხდომაზე ნიკოლოზ აბრამიშვილმა განაცხადა, სასამართლო სხდომების შემდეგ ლევან მეტრეველი ხშირად აფიქსირებს საქმესთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს.

„ლევან მეტრეველი პროცესებში თარჯიმნად მონაწილეობს. მისი საჯარო განცხადებები ეხებოდა პენიტენციურ სამსახურს და მის წარმომადგენლებსაც. ვფიქრობთ, თარჯიმნად მოწვეული პირი არის ცალსახად მიკერძოებული და, შესაბამისად, არსებობს აცილების საფუძველი“, – განაცხადა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა.

თავის მხრივ, ლევან მეტრეველმა მოსამართლეს მიმართა, ექნებოდა თუ არა უფლება, პროცესებზე თარჯიმნის მოვალეობების შესრულების შემდეგ გაეკეთებინა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები.

სხდომაზე მოსამართლე გიორგი არევაძემ ლევან მეტრეველისგან მიიღო პირობა, რომ ვიდრე ყველა უცხოელი მოწმის დაკითხვა არ დასრულდება, თავს შეიკავებს საქმეზე საკუთარი პოზიციის გამოთქმისგან.

„რაც შეეხება საჯარო აქტივობებს პროცესის შემდეგ, თარჯიმანს ობიექტურობის შენარჩუნება მოეთხოვება და ის არ არის მხარე. დღეს არ ვაკმაყოფილებ აცილების შუამდგომლობას, თუმცა ლევან მეტრეველს მივმართავ, რომ საჯარო სივრცეში განცხადებებისგან თავი შეიკავოს, სულ მცირე, პროცესის დასრულებამდე. იყო თარჯიმანი და თან, როგორც მხარემ, გააკეთო განცხადებები, არ შეესაბამება ერთმანეთს. ვერ აგიკრძალავთ განცხადებებს, კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და პატივისცემას გიდასტურებთ, მაგრამ თქვენი განცხადებები არ უნდა ჩანდეს, როგორც დაინტერესებული პირის პოზიცია“, – განაცხადა მოსამართლე გიორგი არევაძემ.

ორივე მხარემ სხდომაზე დაადასტურა, რომ ლევან მეტრეველის თარგმნის ხარისხთან და სიზუსტესთან დაკავშირებით შენიშვნა ან პრეტენზია არავის აქვს.

ამ წუთებში სასამართლო სხდომა გრძელდება და მასზე დაცვის მხარის მიერ წარდგენილი უცხოელი სპეციალისტები გამოიკითხებიან.