მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელზეც მარიამ ჯიშკარიანი იკითხება, ხმაურით მიმდინარეობს
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი, რომელზეც მარიამ ჯიშკარიანი იკითხება, ხმაურით მიმდინარეობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესი, რომელზეც ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი იკითხება, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა მისთვის კითხვების დასმა დაასრულეს, რის შემდეგაც ჯიშკარიანს კითხვები პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა დაუსვეს. მარიამ ჯიშკარიანმა გარკვეულ კითხვებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა, რამაც სხდომაზე ხმაური გამოიწვია.

მოსამართლე გიორგი არევაძე მას დაჯარიმებით დაემუქრა და განუმარტა, რომ არ უნდა შეეფასებინა, რომელი კითხვაა რელევანტური და რომელი – არა.

ამასთან, რაც შეეხება ჯიშკარიანის ჩვენებას, მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და მას არ შეუძლია სასჯელის მოხდა.

„ყველა დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფებოდა, შესწავლილია დოკუმენტაცია. ძირითადი დიაგნოზები, ჩვენი კვლევებით, დასკვნის მე-8 თავშია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ასე რჩება, დაუზუსტებელი დემენცია, რაც, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სასჯელის მოხდისა და გათავისუფლების საფუძველში შედის, როგორც დაავადება.

დაზიანებულია ცენტრალური ნერვული სისტემა, პერიფერიული ნერვული სისტემა და ზურგის ტვინის ნერვული სისტემა. ეს ყველა დიაგნოზი დასტურდება „ვივამედის“ კვლევებით. ეს დიაგნოზები არის მისი გათავისუფლების დიაგნოზები. სახსრების, ძვლების ტკივილი დაეწყო, იღებდა უამრავ ტკივილგამაყუჩებელს და ასე მოხვდა კლინიკა „ვივამედში“. უცხოლ ექსპერტებთან ერთად მივედით დასკვნამდე, რომ ენცეფალოპათია დამძიმდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტოქსიკოლოგიური კვლევების მიმართულებით გაღრმავებული კვლევები უნდა გაგრძელდეს. სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს დეტოქსიკაცია“, – აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.