რომში, სასტუმრო „პალაცო ნაიადოში“ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის პარალელურად, ემიგრანტების ნაწილი აქციას მართავს.
როგორც პირველ არხს ემიგრანტების ნაწილმა განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაცია გაიარეს, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე არ შეუშვეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრაზე ჟურნალისტებს დასწრების საშუალება არ მისცეს. ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ თავდაპირველად განაცხადა, რომ აკრედიტებული ჟურნალისტები შეხვედრას დაესწრებოდნენ, თუმცა მოგვიანებით მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ შეხვედრას ვერ დაესწრებოდნენ. სასტუმროს შენობაში მხოლოდ კამერები შეუშვეს.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მხარდამჭერები რომში შეიკრიბნენ. მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით შეხვედრა რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმროში „პალაცო ნაიადო“ იმართება.
შეგახსენებთ, 10 თებერვალს მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეხვდა.