ქართველი ემიგრანტების ნაწილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე არ შეუშვეს [ვიდეო]

რომში, სასტუმროსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრა მიმდინარეობს, ემიგრანტების ნაწილი აქციას მართავს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი რომიდან იუწყება.

როგორც ემიგრანტები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაცია გაიარეს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრაზე არ შეუშვეს. მიზეზად აქციის მონაწილეები იმას ასახელებენ, რომ სააკაშვილის მმართველობის პერიოდთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ.

„იმიტომ არ გვიშვებენ, რომ მიშა ვერ იტანს განსხვავებულ აზრს. მისთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი. ჩვენ მოვედით ჩვენი აზრის დასაფიქსირებლად. პირველ რიგში, მან პასუხი უნდა აგოს იმისთვის, რაც ჩაიდინა. არ გვიშვებენ, რადგან განსხვავებული აზრის მატარებლები ვართ და არ ვართ მიშას მგალობლები და ხოტბის შემსხმელები“, – განაცხადა ერთ-ერთმა ემიგრანტმა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სასტუმროსთან პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პოლიციას აქვს ბრძანება, რომ ისინი არ შეუშვან სასტუმროში, სადაც მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მხარდამჭერებს ხვდება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მხარდამჭერები რომში იკრიბებიან. მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით შეხვედრა რომში, რესპუბლიკის მოედანზე, სასტუმროში „პალაცო ნაიადო“ იმართება.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეხვდა.