მიხეილ სააკაშვილის დაკავებას საერთაშორისო მედია ეხმაურება
მიხეილ სააკაშვილის დაკავებას საერთაშორისო მედია ეხმაურება

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას საერთაშორისო მედია უკვე აშუქებს.

The Associated Press-ის ინფორმაციას, ამერიკული Fox News და The New York Times აქვეყნებენ.

„უკრაინამ კორუფციასთან მებრძოლი სააკაშვილი დააკავა“, – იუწყებიან ონლაინგამოცემები.

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან ოპოზიციაშია და მას განსაკუთრებით კორუფციასთან ბრძოლაში წარუმატებლობის გამო აკრიტიკებს“, – აღნიშნულია სტატიაში.

New York Times-ის ინფორმაციაში საუბარია სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზეც.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე სტატიას სააგენტო Reuters-იც აქვეყნებს.

„უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ პოლიციამ ხელმეორედ დააკავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მხარდამჭერებმა პოლიციისგან გასულ კვირაში იხსნეს“, – წერია სტატიაში.

Reuters პოროშენკოს სააკაშვილის ყოფილ უფროსად მოიხსენიებს, რომელსაც ის დაუპირისპირდა, კორუფციაში დასდო ბრალი და გადადგომისკენ მოუწოდა.

„უცნობია, როგორ მოიმოქმედებენ სააკაშვილის მხარდამჭერები მისი ხელმეორედ დაკავების შემდეგ“, – წერს Reuters.

მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის ნაციონალური პოლიციის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.

„დაკავება ქალაქ კიევის სოლომენსკის რაიონში მოხდა. ეს უკანასკნელი გადავეცით სისხლის სამართლის წარმოების საგამოძიებო ორგანოს. პოლიციის თანამშრომლები კონსტიტუციის მოედანზე კარვების ქალაქის ტერიტორიაზე არ შესულან. საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მიმართული რამე სახის ზომები არ გატარებულა“, – ნათქვამია უკრაინის ნაციონალური პოლიციის პრესსამსახურის განცხადებაში.