მიხეილ სააკაშვილი - თურმე ხელოვნების მუზეუმიდან კუები გავიტანე, გავყიდეთ და ამ კუებით მოვაწყე ღონისძიება
ჩვენი ღონისძიება თურმე რით მოვაწყეთ, ხელოვნების მუზეუმიდან კუები გავიტანე მე, გავყიდეთ ბირჟაზე და ამ კუებით მოხდა ავტობუსებით ხალხის შემოყვანა ბელგიის შუაგულში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექსგუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში მდებარე კონგრესების სასახლეში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი ღონისძიება თურმე რით მოვაწყეთ, იცით? ხელოვნების მუზეუმიდან კუები გავიტანე მე, გავყიდეთ ბირჟაზე და ამ კუებით მოხდა ავტობუსებით ხალხის შემოყვანა ბელგიის შუაგულში. მე თქვენ გეტყვით, ივანიშვილი უბრალოდ კი არ ტყუის, ყველაფერს სარგებლით აკეთებს. თან თქვენი დისკრედიტაცია უნდა, თან ხელოვნების მუზეუმის შენობის დათრევა უნდა „პანორამა თბილისისთვის“, თავისი ბოსელისთვის, რომელსაც აშენებს თბილისის ცენტრში. ამიტომ გაუბაზრა დირექტორს, რომ იქიდან მოპარულია კუები, პრეზიდენტის ინსტიტუტს ანადგურებს და ხელოვნების მუზეუმი გადააქვს პრეზიდენტის სასახლეში, რომელიც სულაც არ არის ამისთვის მორგებული. შენობას იგდებს ხელში, დირექტორს იშორებს და თქვენს დისკრედიტაციას ახდენს. ტყუილი უბრალოდ ტყუილი კი არ არის, ყველა ტყუილს აქვს ფასი მისთვის რამდენ ფულს ჩაიდებს კიდევ ჯიბეში. იქით არის ტყუილი და აქეთ არის სიმართლე, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რაზეც ვლაპარაკობთ და ჩვენ არასდროს გაკადრებთ ტყუილს. მწარე სიმართლესაც გეტყვით და ტყუილს ნამდვილად არ გაკადრებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ლიეჟში, კონგრესების სასახლეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ბელგიის ქალაქ ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები.
შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც თავად მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც, შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.