სააკაშვილი საკუთარ გეგმებზე უკრაინის რადასთან, პრესკონფერენციაზე ისაუბრებს
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გეგმების შესახებ უკრაინის რადასთან, მოედანზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. როგორც უკრაინული მედია იუწყება, პრესკონფერენცია 6 დეკემბერს, დილის 9:00 საათზეა დაანონსებული. მედიის ცნობით, ამის შესახებ სააკაშვილის პარტიის – „ახალი ძალების მოძრაობის“ პრესსამსახურში განაცხადეს.
პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამომავლო მოქმედებების შესახებ იურისტებთან ერთად ისაუბრებს.
ამასთან, პარტიაში უარყვეს მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს, ოთხშაბათს, 6 დეკემბერს დაკითხვაზე საკუთარი ნებით მივიდეს. პარტიის პრესმდივნის მარიანა პოჩტარის თქმით, სააკაშვილს არ მიუღია არანაირი პროცესუალური დოკუმენტი და არც ხელი მოუწერია მათზე.
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ მოუწოდა, თავად გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში. ლუცენკოს განცხადებით, 24 საათის შემდეგ, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ სააკაშვილი გამოძიების წინაშე წარდგეს.
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, მხარდამჭერებმა სპეცდანიშნულების რაზმის მანქანიდან მისი გამოყვანა მოახერხეს.