მიხეილ სააკაშვილი - პუტინს ჩემზე უკეთ საქართველოში არავინ იცნობს, ის თბილისში ჯარის შემოყვანის საფუძველს ამზადებს, გვჭირდება კონსოლიდაცია, რათა დაინახოს, რომ აქ ადვილი გასეირნება არ ელის
მიხეილ სააკაშვილი - პუტინს ჩემზე უკეთ საქართველოში არავინ იცნობს, ის თბილისში ჯარის შემოყვანის საფუძველს ამზადებს, გვჭირდება კონსოლიდაცია, რათა დაინახოს, რომ აქ ადვილი გასეირნება არ ელის

პუტინს ჩემზე უკეთ საქართველოში არავინ იცნობს, გუშინდელი ნაბიჯით ის ქართველების კეთილგანწყობის მოპოვებას კი არ ცდილობს, არამედ თბილისში ჯარის შემოყვანისთვის საფუძველს ამზადებს, მას დღემდე ვერ უპატიებია ჩემთვის და ქართველი ხალხისთვის, 2008 წელს რომ ეს ვერ შეძლო, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქპოსტში.

„რა თქმა უნდა, ის არ დაელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას, არამედ მანამდე, ბევრად უფრო სწრაფად იმოქმედებს. ამიტომ ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება მთელი საზოგადოების კონსოლიდაციის დემონსტრაცია, რათა მან დაინახოს, რომ აქ არ ელის ადვილი გასეირნება“, – წერს სააკაშვილი.

სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ წერს.

„რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, ყოველდღე მაქვს 160/100 წნევა, 38°C, გრძელდება წონის კლება და უკვე ყოველდღე ხდება სისხლის პლაზმის გადასხმა საჭირო იმიტომ, რომ სერიოზული პრობლემებია სისხლის ანალიზებში.

ამას აქ იმიტომ ვწერ, რომ ჩემს ადვოკატებს აფერხებენ ჯანმრთელობის იმ დოკუმენტაციის მოპოვებაში, რაც კანონით გვეკუთვნის. გვისახელებენ აბსურდულ მიზეზებს, როგორიცაა თანამშრომლის შვებულებაში ყოფნა.

გვაფერხებენ, რათა ვერ შევძლოთ საბუთების დროულად წარდგენა სტრასბურგში, ამავე მიზნით არ უშვებენ ევროკავშირის ექიმთა ჯგუფს, რომელიც ევროკავშირის 27 ქვეყნის მანდატით აღჭურვილი და უკვე თვეების განმავლობაში მზადაა, ჩამოვიდეს და ჩაერთოს ჩემი ჯანმრთელობის საკითხში“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.