საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად მისი დაპატიმრება ვლადიმერ პუტინს სურს. ამის შესახებ მან უკრაინის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
„დღეს ვის უნდა ყველაზე მეტად ჩემი დაპატიმრება? ნახეთ პუტინის პრესკონფერენცია. მან სიტყვა “სააკაშვილი” ძალიან ბევრჯერ ახსენა. არ გირჩევთ რუსული არხების ყურებას, მაგრამ ღამით თავისუფალ დროს ვუყურე. ისინი აღშფოთებულები არიან, როგორ ვერ დააკავეს ამ პროკურორებმა ეს სააკაშვილი!
თქვენ მთავარი ფანი ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი გყავთ. ის ამბობს, რატომ დარბის ამ დრომდე სააკაშვილი. რამდენჯერ უნდა გაიქცეს ერთი ადამიანი ხან სახურავიდან, ხან მანქანიდან, ხან ბინიდან, ხან იზოლატორიდან ათავისუფლებენ.
ისინი უცებ უკრაინის ხელისუფლების ისეთი გულშემატკუვრები გახდნენ, გასაოცარია! მაჩვენე შენი მეგობრები და გეტყვი, ვინ ხარ შენ!“, – განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, ყველა ადამიანს აქვს მორალური არჩევანი, არ შეასრულოს ბინძური დავალებები, არ იყოს ერთ ნავში კაცობრიობის უბოროტეს მტერ პუტინთან.
სააკაშვილის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში თავად პუტინის მთავარი მტერია.
კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გადაიდო. სააპელაციო სასამართლოს დღეს გენერალური პროკურატურის საჩივარი უნდა განეხილა. სხდომა 3 იანვარს ჩატარდება.