ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია NewsOne-ის ეთერში მისი დაკითხვის თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მზადაა, კარავში დაკითხონ.
„მზად ვარ, კარავში მივიღო ისინი და იქ დამკითხონ. არ მაქვს პრობლემა. სულელურად შემოვიდნენ და ცემეს ხალხი, რომლებიც აბსოლუტურად უდანაშაულოები არიან. ეს მშვიდობიანი აქციაა. ეს იყო სუფთა პროვოკაცია. ახლა ყველაფერი დაწყნარდა. ხალხს საღამოს ველოდებით, მათ შორის უკრაინის რეგიონებიდანაც. რომელ კურჩენკოზე საუბრობენ? ეს კურჩენკო პოროშენკოს ბიზნესპარტნიორი იყო. მე მას საერთოდ არ ვიცნობ. ნახეთ ევროპარლამენტარების გამოსვლები, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. ჩემთან არ გაგივათ. წამართვეს პარტიის რეგისტრაცია, შემდეგ მოქალაქეობა, ცდილობდნენ საქართველოში ჩემს ექსტრადირებას, გუშინ პოროშენკოს საუბარი პრანკერთან იყო სამარცხვინო. მას ეგონა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ურეკავდა და ამ საუბარში კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველოში ჩემი ექსტრადირება არ შეუძლიათ, რადგან საქართველოს მთავრობას ჩემი ისე ეშინია, როგორც ცეცხლის. უკრაინაში ახლა სურთ, რომ როგორმე ჩამომაშორონ პოლიტიკურ პროცესებს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივნის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილზე ძებნა სამი მუხლით გამოცხადდა. მას ეროვნული პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური ეძებენ. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ სააკაშვილს საგამოძიებო უწყებაში მისასვლელად 24 საათი მისცა.