უკრაინის გენპროკურორმა სააკაშვილს საგამოძიებო უწყებაში მისასვლელად 24 საათი მისცა
უკრაინის გენპროკურორმა სააკაშვილს საგამოძიებო უწყებაში მისასვლელად 24 საათი მისცა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, თავად გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში. როგორც უკრაინის გენპროკურორმა რადაში გუშინ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს 24 საათი აქვს, რის შემდეგაც, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ „აპატრიდი სააკაშვილი გამოძიების წინაშე წარდგეს“.

„მოვუწოდებ სააკაშვილს, ერთხელ მაინც გამოიჩინოს კაცური სიბრძნე და პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვებზე. მოვუწოდებ, შეწყვიტოს ტყუილის გავრცელება, უკრაინელების დაპირისპირება და თავად გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში“, – განაცხადა ლუცენკომ.

მისივე თქმით, სააკაშვილის გაქცევის შემდეგ, პროკურატურის მიერ ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს.

მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გეგმების შესახებ უკრაინის რადასთან პრესკონფერენციაზე 6 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 9:00 საათზე იურისტებთან ერთად ისაუბრებს.

სააკაშვილის პარტიაში უარყოფენ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს, დაკითხვაზე საკუთარი ნებით მივიდეს.

საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, მხარდამჭერებმა სპეცდანიშნულების რაზმის მანქანიდან მისი გამოყვანა მოახერხეს.