მიხეილ სააკაშვილი - მე პუტინის გამო ვარ ციხეში, მისთვის სახეში გარტყმა იქნება, თუ თავისუფლად ვივლი თბილისის ან კიევის ქუჩებში
მიხეილ სააკაშვილი - მე პუტინის გამო ვარ ციხეში, მისთვის სახეში გარტყმა იქნება, თუ თავისუფლად ვივლი თბილისის ან კიევის ქუჩებში

მე პუტინის გამო ვარ ციხეში, მისთვის სახეში გარტყმა იქნება, თუ მე თავისუფლად ვივლი თბილისის ან კიევის ქუჩებში, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომლითაც მან თბილისში მიმდინარე კონფერენციის მონაწილეებს მიმართა.

„ეს კონფერენცია ცოტა გვიან იმართება. ეს უნდა გამართულიყო 2007 წელს ან, სულ მცირე, 2013 წელს. მისი სახელი უნდა ყოფილიყო „როგორ შევაკავოთ პუტინი“. სამწუხაროდ, ჩვენ, მსოფლიო, ნელა ვსწავლობთ. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ვსაუბრობთ დღეს, როგორ დავამარცხოთ პუტინი. მაგრამ მართალია, ის არასასიამოვნო და სახიფათოა, თუმცა პრობლემა, რასაც მისი პერსონა წარმოადგენს კაცობრიობისთვის, ფერმკრთალდება იმ ბოროტებასთან და გრძელვადიან ზიანთან შედარებით, რაც „პუტინიზმს“ მოაქვს გლობალური უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისთვის და სამართლიანი მსოფლიო წესრიგის განვითარებისთვის.

პუტინს დაახლოებით 30-ჯერ შევხვდი და მრავალსაათიანი მოლაპარაკებები მქონდა მასთან, ძირითადად – პირისპირ. მე ვცადე, განმევითარებინა მასთან და შემენარჩუნებინა კარგი, ადამიანური ურთიერთობები. დიახ, მე მიზნად ვისახავდი, მიმეღწია შეთანხმებებისთვის ყველაზე სასიცოცხლო და მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ არასდროს ჩემი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე. ამიტომ მე ვეწინააღმდეგებოდი ნებისმიერ უსამართლო შეთანხმებას. მტკიცე ვიყავი პროვოკაციებისა და დაშინების წინააღმდეგ და ბოლოს, 2008 წელს, ვხელმძღვანელობდი ჩემს ერს რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ საქართველოს გადასარჩენად. მე ვაგრძელებდი მასთან ბრძოლას უკრაინაში ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე.

რა უნდა ვთქვა ამ კაცზე? ის არის ბოროტების რეინკარნაცია – არასანდო, ორსახიანი მატყუარა, როგორც პიროვნება და სამსახიანი პოლიტიკური აზარტული მოთამაშე. მისთვის სიცრუე შემთხვევითი არ არის. ეს არის მისი კომუნიკაციის ტრივიალური გზა. ის განიხილავს სისასტიკეს, როგორც თვითრეალიზაციას, თავმდაბლობას – არა სათნოებად, არამედ ნაკლად, სისუსტის ნიშნად.

ასე რომ, მიუხედავდ იმისა, რომ მასთან გამკლავების ბევრი შესაძლო გზა არსებობს, მთავარი რეკომენდაცია არის, არ აჩვენოთ შიში ან ყოყმანი გადაწყვეტილებაში. შეიძლება, ეს პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ მას ადვილად ეშინია, როდესაც ხვდება სიმამაცეს, სიმშვიდეს და თავდაჯერებულ პოზიციას, იქნება ეს პიროვნება თუ ქვეყანა.

მასთან გამკლავებისას იყავით ინოვაციური, გამბედავი, სპონტანური და არაპროგნოზირებადი დაპირისპირებაში, მოქნილი – მშვიდობის მიღწევაში. ის ნამდვილად იბნევა, როდესაც ხვდება მოულოდნელ პოზიციას, რისთვისაც მზად არ არის… ხშირად გაახსენეთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერი. დამიჯერეთ, დაკავების და უკრაინაში და სხვაგან ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგების პერსპექტივა ღამით ცივ ოფლში აღვიძებს.

და საქართველოში პუტინის დამარცხება შესაძლებელია, თუ აიძულებთ რუსი ოლიგარქის მთავრობას,  მე გამათავისუფლოს. მე პუტინის გამო ვარ ციხეში. მისთვის სახეში გარტყმა იქნება, თუ მე თავისუფლად ვივლი თბილისის ან კიევის ქუჩებში“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.