საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებებს ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმიანება.
„ვირო მადლიო – აი, ეს ტიპი ამტკიცებს, რომ ვავიწროებდი.
როგორ იზრდებოდა TBC ბანკი ჩვენი ხელისუფლების დროს: 2003 წელს ბანკის აქტივები იყო 126 მლნ. ლარი, 2012 წელს 3,9 მილიარდი ანუ გაიზარდა 24-ჯერ.
ამავე წლებში ბანკის სააქციო კაპიტალი იყო შესაბამისად 22 მილიონი ლარი და 604 მილიონი ლარი, ანუ გაიზარდა 27-ჯერ“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს ბიზნესს ატერორებდნენ ფულის ამოღების მიზნით, დღეს კი, არსებობს ბიზნესის კონტროლის თემა.
„2003 წელს „ნაციონალებს” ხმა მივეცი, რადგან მინდოდა ქვეყანაში რაღაც ცვლილება ყოფილიყო და 2003 წელს სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემს წინააღმდეგ. სამი წლის განმავლობაში პროკურატურაში დამატარებდნენ. თუ ის არის პრივილეგია, რომ მათი მმართველობის ბოლოს ქონებას მართმევდნენ და პროკურატურაში შუშის სპეციალური ოთახები რომ არის, იქ მკითხავდნენ“, – განაცხადა ხაზარაძემ.