მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილს არ უნდა მივცეთ მანევრის საშუალება, ახლა ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გაერთიანდეს
ბიძინა ივანიშვილს არ უნდა მივცეთ მანევრის საშუალება, ახლა ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გაერთიანდეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის“ საშუალებით ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამასთან საჭიროების შემთხვევაში პროცესში ჩართვის მზაობა გამოთქვა.
„დღეს რაც მოხდა საქართველოში, ეს იყო ბოლო წერტილი საქართველოს დამცირების, შეფურთხების საქართველოსა და მის სიმბოლიკაზე, მის ღირსებაზე და ეს იყო იმ პოლიტიკის დაგვირგვინება, რასაც წლების განმავლობაში აკეთებს ივანიშვილი.
ეს არის დამფრთხალი კაცი, რომელმაც ნახა, რომ მისი კოლეგა, მოლდოვის მფლობელი ოლიგარქი გაიქცა, მანამდე პოროშენკო დამარცხდა და მასაც წყალი აქვს შეყენებული. ახლა ის ყველაფერი საზიზღრობის ჩამდენია. მას არ უნდა მივცეთ არავითარ შემთხვევაში აქედან თავის დახსნის საშუალება. არ უნდა მივცეთ მანევრის საშუალება და ახლა ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გაერთიანდეს.
ის ახლა შეეცდება ყველას ცალ-ცალკე ელაპარაკოს და ყველას ცალ-ცალკე თვალი ჩაუკრას. ახლა შეეცდება, როგორც შარშან პირველი ტურის შემდეგ ალეწილი სახით გამოსვლას, ლუღლუღს და თავის მართლებას. ეს ყველაფერი არის ტყუილი.
ყველა ბოროტების სათავე არის მხოლოდ ერთი, ეს არის ოლიგარქი ივანიშვილი. მისი მოშორების გარეშე საქართველოდან არაფერი არ იქნება.
მე ვფიქრობ ახლა ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია, ერთიანობა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვეშვათ მათ. ყველა მხრიდან ხალხი უნდა გაერთიანდეს და ერთ მუშტად შევიკრათ და მშვიდობიანად მივაღწიოთ მის ჩამოშორებას. რა თქმა უნდა შემდეგ უნდა მოხდეს არჩევნების გზით ხელისუფლების მთლიანად შეცვლა და გადატვირთვა. ეს არის მთავარი ამოცანა. ამ საკითხში მზად ვარ მთლიანად დაგიჭიროთ მხარი და ჩავერთო პროცესში სადაც ქართველი ხალხი და პოლიტიკური სპექტრი ჩათვლის საჭიროდ ჩემს ჩართვას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.