საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
ნიკა გვარამიას კითხვაზე, ვაშაძე მართულია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, თუ უნებურად ასრულებს მის დავალებას, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის იცის, თუმცა ფაქტია, რომ ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა.
„არ ვიცი, რა არის, მაგრამ ფაქტია, რომ გადავიდა ბნელ მხარეს, არასწორ მხარეს. აქ ან უნდა იყოს შავი და თეთრი, ნათელი და სიბნელე. ადამიანი თუ გადადის ბნელ მხარეს, ის გადადის ბნელ მხარეს. არ ვიცი, ჩხარტიშვილმა გადაათრია, ვინ გადაათრია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, გიორგი ვაშაძე არ არის ის ფიგურა, რომელზე საუბრისთვისაც ბევრი დრო უნდა დახარჯოს.
„ყოველთვის მომწონდა გიორგი ვაშაძე, შანსს ვაძლევდი. ზოგი ამართლებს ამ შანსს, ზოგი არ ამართლებს. მთელი ცხოვრება ვერავის ვერ ვათრევ ხელით. ერთ მხარეს ბიძინა ივანიშვილია, მეორე მხარეს არის ქართველი ხალხი. ქართველ ხალხთან ერთად ვარ მე და ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს, ოღონდ არა იმ საქმეში, რომ ივანიშვილის მმართველობა გააგრძელოს. თუ ეს არის ახალგაზრდა ადამიანის ყველაზე მეტი ოცნება, რომ ივანიშვილის თანამაში ითამაშოს, ვერ ითამაშებს ვერც ეს და ვერც ვერავინ, რადგან მე ვარ ამ კამპანიაში ბოლომდე ჩართული. მე ვაპირებ ივანიშვილის დამარცხებას ქართველ ხალხთან ერთად. „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ჯგუფი და ის ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს. საერთოდ ეჭვიც არ მეპარება ამაში და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ძალა, რომელიც დაიწყებს საქართველოს ხელახლა აღმშენებლობას, ხელახლა აშენებას, ხელახლა განვითარებას“, – დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.