„გადაწყვიტეს, დაატერორონ არხი, რომელიც აშუქებდა ჩვენს მოვლენებს, მოვედი მათ დასაცავად“
ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევში, ტელეკომპანია NewsOne-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
სააკაშვილის თქმით, ტელეკომპანია NewsOne-ი კიევში გამართულ საპროტესტო მარშს აშუქებდა და ამის გამო, უცნობმა პირებმა არხს პრობლემები შეუქმნეს.
„გადაწყვიტეს, რომ დაატერორონ არხი, რომელიც აშუქებდა დღეს ჩვენს მოვლენებს და ამიტომ მოვედი მათ დასაცავად. ზუსტად დაემთხვა – ჩვენ გაგვაშუქეს და მაშინვე სცადეს მაუწყებლობის გაჩერება სხვადასხვა ქმედებებით. აქ იმის გაგება, ვინ არიან ეს ადამიანები, ძალიან ძნელია, რადგან აქ იმდენი დამკვეთი არსებობს ხოლმე სხვადასხვა ადგილიდან, იმდენად ქაოტური სიტუაციაა, ეს არის საქართველო 90-იან წლებში, როცა ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, ვინ ვის უხდის და ვინ ვის არიგებს ჭკუას, ეს ძალიან ძნელი გასაგებია“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანიასთან მხარდამჭერებთან ერთად მივიდა. ის ტელეკომპანიის შენობაშიც შევიდა და პირდაპირ ეთერში წამყვანის კითხვებს უპასუხა.
შეგახსენებთ, კიევში უცნობმა პირებმა ტელეკომპანია NewsOne-ის შენობის ბლოკირება მოახდინეს.
უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევში საპროტესტო მარში გამართა.