მიხეილ სააკაშვილი - დღეს არ არის სიტუაცია მზად, რომ ჩავიდეთ საქართველოში [ვიდეო]
დღეს არ არის სიტუაცია მზად, რომ ჩავიდეთ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექსგუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მეუბნებიან, ბატონო მიხეილ, როდის ჩამოდიხართ საქართველოში? ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩავდივართ საქართველოში, მაგრამ მინდა გკითხოთ თქვენ, ახლა სიტუაცია მომზადებულია, რომ ჩვენ ყველა ერთად წავიდეთ? დღეს არ არის სიტუაცია მზად, მაგრამ თუ დღეს სიტუაცია არ არის მზად, უახლოეს კვირეებში და თქვეებში ჩვენ ეს უნდა მოვამზადოთ. არ შეიძლება, აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას, არ შეიძლება, აქედან უყურო იმ ბავშვის მოკვლას, რომელიც შენ შობე და გაზარდე, ამიტომ ძალიან მარტივია ჩვენთვის არჩევანი. ყოველდღიურად ჩვენ გვართმევენ საქართველოს ნაწილს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ლიეჟში, კონგრესების სასახლეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ბელგიის ქალაქ ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები.
შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც თავად მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც, შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.