მიხეილ სააკაშვილი - ჩემი შეშინება შეუძლებელია, შეაშინეთ ბებიათქვენი
მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა. „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი სასტუმროსთან ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს.
„ქვეყანას მართავს „ბარიგა“, რომელიც იქცა კრიმინალად. ჩემი შეშინება შეუძლებელია, მითუმეტეს „ბარიგით“, შეაშინეთ ბებიათქვენი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, სასტუმროში უცხოეულ მეგობრებთან ერთად ჩაის დასალევად მოვიდა, რა დროსაც შენობაში ავტომატით შეიარაღებული პირები შევიდნენ.
„იტყუებიან, ასობით მოწმეა, ისინი კალაშნიკოვებით იმყოფებოდნენ აქ. მათ არ ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტს მისი თავიდან მოშორება სურს.
„ვიცით, რომ მელოდება ჯგუფი, რათა დამაკავონ და უკრაინიდან ჩემი დეპორტაცია განახორციელონ. პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მოიშოროს თავისი მთავარი პრობლემა, ანუ მე. თუ მე ვცდილობდი, მომეწყო სახელმწიფო გადატრიალება, მსოფლიოში ვინ უშვებს ქვეყნიდან ადამიანს, ვინც სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცა ვრცელდებოდა.
უმაღლესი რადას დეპუტატ იური დერევიანკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ დაუკავებიათ, მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროში, სადაც ის იმყოფებოდა, სპეცდანიშნულების რაზმი ნამდვილად იმყოფებოდა. დერევიანკოს თქმით, მათ სააკაშვილის დაკავება სურდათ.
სასტუმროსთან „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და სპეცრაზმმა ტერიტორია დატოვა.
ცოტა ხნის წინ, პარტია „ბატკივშინას“ წევრმა, დეპუტატმა იგორ ლუცენკომ, „ალფას“ მიერ სააკაშვილის აყვანის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
რამდენიმე წუთით ადრე კი მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, დავით საყვარელიძე ფეისბუქში წერდა , რომ მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად, სასტუმრო Fairmont Grand Hotel Kyiv-თან „ალფას“ სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფებოდა. საყვარელიძე მხარდამჭერებს სასტუმროსთან შეკრებისკენ მოუწოდებდა.