მიხეილ სააკაშვილი – ჩემი შეშინება შეუძლებელია, შეაშინეთ ბებიათქვენი
მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა. „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი სასტუმროსთან ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს.
„ქვეყანას მართავს „ბარიგა“, რომელიც იქცა კრიმინალად. ჩემი შეშინება შეუძლებელია, მითუმეტეს „ბარიგით“, შეაშინეთ ბებიათქვენი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, სასტუმროში უცხოეულ მეგობრებთან ერთად ჩაის დასალევად მოვიდა, რა დროსაც შენობაში ავტომატით შეიარაღებული პირები შევიდნენ.
„იტყუებიან, ასობით მოწმეა, ისინი კალაშნიკოვებით იმყოფებოდნენ აქ. მათ არ ჰქონდათ სამართლებრივი საფუძველი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
როგორც „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა აღნიშნა, უკრაინის პრეზიდენტს მისი თავიდან მოშორება სურს.
„ვიცით, რომ მელოდება ჯგუფი, რათა დამაკავონ და უკრაინიდან ჩემი დეპორტაცია განახორციელონ. პრეზიდენტმა გადაწყვიტა, მოიშოროს თავისი მთავარი პრობლემა, ანუ მე. თუ მე ვცდილობდი, მომეწყო სახელმწიფო გადატრიალება, მსოფლიოში ვინ უშვებს ქვეყნიდან ადამიანს, ვინც სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.