მიხეილ სააკაშვილი - ბევრ ქვეყანაში მუშაობს საპროცესო შეთანხმება იმ ადამიანებთან, ვინც სახელმწიფოს ფული მოჰპარა, საქართველოში 2,5 მილიარდი დოლარი ამოვიღეთ
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ჩასატარებელი რეფორმების შესახებ ისაუბრა. სააკაშვილმა თემაზე უკრაინული ტელეკომპანია „1+1“-ის ეთერში ისაუბრა.
სააკაშვილის მიერ ჩამოთვლილ აუცილებელ რეფორმებს შორის არის საბაჟო, სასამართლო და საგადასახადო რეფორმა. მიხეილ სააკაშვილი ასევე გამოდის ინიციატივით, უკრაინაში შემოიღონ საპროცესო შეთანხმებები. მისი თქმით, საპროცესო შეთანხმებებით საქართველოში მისი პრეზიდენტობის დროს ბიუჯეტში 2,5 მილიარდი დოლარის დაბრუნება შეძლეს.
„კიდევ ერთი წინადადება, რომელიც იყო მხარდაჭერილი, ეს არის პროკურატურასა და იმ ადამიანებს შორის, ვინც სახელმწიფოს ფული მოჰპარა, საპროცესო შეთანხმების საკითხი, რაც გულისხმობს სახელმწიფოსთვის ფულის დაბრუნებას ციხეში არჩასმის სანაცვლოდ. ეს მეთოდები მუშაობს ამერიკაში და სხვა მრავალ ქვეყანაში. საქართველოში ჩემი პრეზიდენტობის მხოლოდ პირველი წლის განმავლობაში ჩვენ დავიბრუნეთ ერთ მილიარდ დოლარზე მეტი, საერთო ჯამში კი 2,5 მილიარდი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, სააკაშვილმა უკრაინაში სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინაში არ არსებობს სამართლიანი სასამართლო.
„ერთ-ერთი ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა არის სასამართლო რეფორმა. ვიდრე არ იქნება სამართლიანობა, არაფერი იქნება. უკრაინაში არ არის სამართლიანობა, რადგან არ არის სამართლიანი სასამართლოები. საჭიროა ყველაფრის რადიკალურად შეცვლა. ჩვენ შევთანხმდით, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ წარვადგენთ კონცეფციას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ ფუნდამენტურად უკრაინის სასამართლო სისტემა“, – აღნიშნა უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში საგადასახადო რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.