მიხეილ სააკაშვილი - მე არ გამოვცხადდები ცრუ გენერალურ პროკურორთან, ის ოროსანია
მზად ვარ, მივიღო გამომძიებელი აქ, ბანაკში, – ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის უმაღლეს რადასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, იური ლუცენკოს უკრაინის გენერალურ პროკურორად არ მიიჩნევს და დაკითხვაზე არ გამოცხადდება.
„დღეს დილით კვლავ პროვოკაცია მოახდინეს. როგორც ვიცი, ისინი ჩემს კარავში შესვლას ცდილობდნენ და შეეშალათ კარავი. სამწუხაროდ ეს ადამიანები ჩემს გამო დაზარალდნენ. გუშინ ლუცენკო იტყუებოდა. დეპუტატის წინააღმდეგ აღძრეს საქმე იმის გამო, რომ მათ ვითომ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს. გაუნათლებელ ლუცენკოს იურისპრუდენციასთან საერთო არაფერი აქვს. ის ნაცნობობით გახდა უკრაინის გენერალური პროკურორი. ის გასცემს ბრძანებებს, რომლებიც უკანონოა. იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსელმა გაცილებით უკეთ იცის, ვიდრე უკრაინის ე.წ. გენპროკურორმა. მე არ გამოვცხადდები ცრუ გენერალურ პროკურორთან, ის ოროსანია. ის არალეგიტიმურია. მე ის უკრაინის გენპროკურორად არ მიმაჩნია. მას არ აქვს იურიდიული განათლება. არ აქვს ღირსება და ნამუსი. მე მზად ვარ, მივიღო გამომძიებელი აქ, ბანაკში. ეს არ არის მიხეილ სააკაშვილის ბანაკი. ეს არ არის მიხოს მაიდანი. ეს არის უკრაინელების ბანაკი“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის თქმით, მისი გეგმები ხელისუფლებიდან „დანაშაულებრივი დაჯგუფების“ მოშორება და პოროშენკოს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაა.
სააკაშვილი ამბობს, რომ საღამოს, მომხრეებთან ერთად, რადასთან გეგმების შესახებ გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივნის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილზე ძებნა სამი მუხლით გამოცხადდა. მას ეროვნული პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური ეძებენ. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ სააკაშვილს საგამოძიებო უწყებაში მისასვლელად 24 საათი მისცა.