მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს ინკლუზიური
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს მიმართავს.
სააკაშვილის თქმით, თავიდანვე „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება. თუმცა, მისივე განმარტებით, ვინაიდან ერთიანი სია არ შედგა, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და ამავე დროს უმრავლესობის მოსაპოვებლად.
გარდა ამისა, სააკაშვილის განმარტებით, სასურველია, ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება „ნაციონალური მოძრაობის“ და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხადასაჭერად, „წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ სხვა ოპოზიციური ძალებისკენ“.
„მინდა, მივმართო კოლეგებს სხვა ოპოზიციური პარტიებიდან, თუ სხვადასხვა ჯგუფებიდან. თავიდანვე ჩვენი შეთავაზება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება. რადგან ეს ამ ფორმით არ გამოვიდა, ბუნებრივია „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და ამავე დროს უმრავლესობის მოსაპოვებლად. ამასთან, რა თქმა უნდა, ვისურვებ, რომ ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება „ნაციონალური მოძრაობის“ და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხადასაჭერად, წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ სხვა ოპოზიციური ძალებისაკენ. არჩვენებში გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა ჩვენ ვიქნებით ძალიან გახსნილები, რათა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ძალებთან და საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური. აქვე უნდა ითქვას, რომ ვფიქრობ, ახლა ბევრად უკეთესი იქნება მთავარ მიზანზე კონცენტრირება და ის, რომ ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დავაზიანოთ საერთო ინტერესები. დღეს გზაგასაყარია, მივდივართ წინ, ქვეყნის გამარჯვებისკენ, თუ ვტოვებთ ქვეყანას განსაცდელში. ამიტომ, დღეს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს და ახლა ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვება უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, გამოვრიცხოთ დღევანდელი რეჟიმის მიერ ქვეყნისთვის სახიფათო რაიმე მანევრის შესაძლებლობა. ჩვენ აუცილებალდ გავიმარჯვებთ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.