მიხეილ სააკაშვილი - 3 ოქტომბერს, დილიდან, მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ, კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება
3 ოქტომბერს, დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ. კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ოცნებისთვის ხმის მიცემა იქნება საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენის ხელმოწერა. ამიტომ, 2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე საქართველოს გადასარჩენად. ხოლო 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას.
ამიტომ, ჩემი თხოვნაა, კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება. თუ მანამდე მოახერხა უზურპატორმა მთავრობამ ჩემი დაკავება, ამან კიდევ მეტად უნდა გააძლიეროს ჩვენი ძალა. ორივე შემთხვევაში, მე უკან არ ვიხევ და იმედია, არც თქვენ“, – წერს სააკაშვილი.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა, დღეს დილით, საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.
ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.