მიხეილ ხიდურელი - მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიას გავაცანით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი
მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში გზამკვლევის, Tourism Doing Business: Investing in Georgia წარდგენა გაიმართა, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის შესახებ.
გზამკვლევი გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის მიერ გამოიცა, რომლის მომზადებაშიც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გუნდი აქტიურად იყო ჩართული. იგი ხელმისაწვდომი იქნება როგორც ონლაინ, ასევე ბეჭდური სახით.
მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა წარადგინა პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.
„მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიას გავაცანით საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
2023 წლის გაზაფხულზე გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას 2024 წელს, მსოფლიო ტურიზმის დღის საქართველოში აღნიშვნასთან დაკავშირებით. ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.
გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას საქართველომ პირველად უმასპინძლა.
ინფორმაციას სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“ პრესსამსახური ავრცელებს.