მიხეილ ჯანელიძე - ვმუშაობთ ჟენევის მოლაპარაკებებზე ისეთი განცხადების მისაღებად, რომელიც ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს მოემსახურება
მიხეილ ჯანელიძე - ვმუშაობთ ჟენევის მოლაპარაკებებზე ისეთი განცხადების მისაღებად, რომელიც ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს მოემსახურება

ვმუშაობთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე ისეთი განცხადება მივიღოთ, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს და ჩვენს მიზნებს მოემსახურება, – ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხელ ჯანელიძემ 27-28 მარტს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის შესახებ საუბრისას გააკეთა.

ჯანელიძის თქმით, განცხადების ტექსტზე მოლაპარაკებები მომავალ კვირაში ჟენევაში გაგრძელდება. თუმცა, ხელმოწერა არაფერზე არ იგეგმება.

„ჟენევაში განცხადებაზე მუშაობა 2012 წლის დასაწყისში დაიწყო. წინა რაუნდებზე განცხადების ტექსტზე მოლაპარაკების პროცესში ჩვენ გარკვეული პროგრესი გვქონდა. ეს პროგრესი შესაძლებელი გახდა დისკუსიებში ჩართული ყველა პარტნიორის აქტიური მონაწილეობის შედეგად. განცხადების ტექსტზე მოლაპარაკებები დასრულებული არ არის. მოლაპარაკებები შემდეგ რაუნდზე გაგრძელდება, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ისეთი განცხადება მივიღოთ, რომელიც ჩვენს მიზნებსა და სახელმწიფო ინტერესებს მოემსახურება და რა თქმა უნდა, მიმართული იქნება იქითკენ, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. ხელმოწერა არაფერზე იგეგმება. ეს განცხადების ტექსტზე მოლაპარაკებაა“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ქვეყნის პირველი დიპლომატის განმარტებით, საქართველოს მიზანია, რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების პროცესი დაიწყოს.

„ჩვენი მიზანია, რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს და ამ შეთანხმების იმპლემენტაცია დაიწყოს, რაც 2008 წლის შემდეგ არ ხდება და ვერ ხერხდება. ამისთვის აუცილებელია, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები შეიქმნას, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისკენ იქნება მიმართული. საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენ თავიდან ავირიდოთ ისეთი მძიმე შემთხვევები, როგორიც არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, დაშვებული იყოს ადამიანის უფლებების მონიტორინგის მექანიზმები და ამ პროცესში შესაბამისი საერთაშორისო ჩართულობა იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ჩვენი მიზანია, რომ საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მონაწილეობით, რომლებიც ჩართული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, მივაღწიოთ ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს მიზანს – რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და კონფლიქტის მშვიდობით დარეგულირების პროცესი დავიწყოთ“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.