მიხეილ ჯანელიძე - სერბეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში ბიბილოვის ჩასვლას კერძო პირის ვიზიტად აფასებენ
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განმარტებით, სერბეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინას ხელისუფლება პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის მათ ქვეყნებში ჩასვლას კერძო პირის ვიზიტად აფასებს.
,,დიახ, არის მცდელობები, რუსეთის ფედერაციამ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს საოკუპაციო რეჟიმების სხვადასხვა მოგზაურობებს. სერბეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში ეს ვიზიტები ცენტრალური ხელისუფლებების მიერ იქნა შეფასებული. ისინი პატივს სცემენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ გვაქვს ძალიან მზარდი ურთიერთობები ორივე სახელმწიფოსთან. ეს ვიზიტი აღქმული იქნა, როგორც კერძო პირის ვიზიტი და მათ შორის ის შეხვედრაც, რომელიც შედგა სერბეთის პატრიარქთან. ამ საკითხზე ძალიან აქტიურად მუშაობდა ჩვენი ორივე საელჩო და უკვე შესაბამისი რეაგირებაც მოხდა ამ სახელმწიფოების მხრიდან“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავრცელებული ინფორმაციით, სერბეთის პატრიარქი ანატოლი ბიბილოვს 12 იანვარს შეხვდა. ინფორმაცია შეხვედრის ამსახველ ფოტომასალასთან ერთად დეფაქტო რეჟიმმა გაავრცელა. მასში ნათქვამი იყო, მხარეებმა საერთო ქრისტიანულ საკითხებზე იმსჯელეს.
როგორც პირველ არხთან საუბარში საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იოსებ ნანობაშვილმა განაცხადა, სერბეთის პატრიარქმა დაუდასტურა, რომ ბიბილოვი მიიღო, როგორც რიგითი ქრისტიანი.
ამავე შეხვედრასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებამ გაავრცელა წერილი, რომელიც სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილებას მისწერა.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ბოსნიის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ არაღიარებული სამხრეთ ოსეთიდან ვიზიტი ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკისთვის ზიანის მომტანია. განცხადებაში, რომელიც “ამერიკის ხმამ” გაავრცელა ასევე ნათქვამი იყო, რომ ამ ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური სახელმწიფო უწყებები ინფორმირებულნი არ ყოფილან.