მიხეილ ჯანელიძე - საქართველო წარმატებით იყენებს ყველა ინსტრუმენტს, რომელსაც მივყავართ ნატო-ს წევრობისკენ და ეს წარმატება აღიარებულია ალიანსის მიერ
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო წარმატებით იყენებს ყველა ინსტრუმენტს, რომელსაც მივყავართ ნატო-ს წევრობისკენ და ეს წარმატება აღიარებულია ალიანსის მიერ

ჩვენი მიზანია, რომ ნატო-ს სამიტზე, რომელიც ბრიუსელში ივლისში გაიმართება, საქართველო წარდგეს, როგორც წარმატებული ასპირანტი, ნატო-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანა, თავისი რეფორმებით და ჩვენი წარმატება აისახოს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, ასევე, გაძლიერდეს ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით გაიმართა.

მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო კომისია წარმოადგენს ფორმატს, რომელიც ახდენს ქვეყნის შიგნით ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საჭირო რეფორმების კოორდინაციას.

„ჩვენ დღეს დავამტკიცეთ 2018 წლის წლიური ეროვნული პროგრამა. 2017 წლის პროგრამა ჩვენ წარმატებით შევასრულეთ და ეს აღინიშნა იანვრის ბოლოს გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. საქართველო წარმატებით აგრძელებს იმ რეფორმებს, რომლებიც ნატო-ს წევრობისთვის მნიშვნელოვანია. ეს არის დემოკრატიული რეფორმები, ეკონომიკური და თავდაცვის სფეროში რეფორმები. საქართველო ასევე წარმატებით იყენებს ყველა ინსტრუმენტს, რომელსაც ჩვენ მივყავართ ნატო-ს წევრობისკენ. ეს წარმატება აღიარებულია ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ. ჩვენი მიზანია, რომ ნატო-ს სამიტზე, რომელიც ბრიუსელში ივლისში გაიმართება, საქართველო წარდგეს, როგორც წარმატებული ასპირანტი, ნატო-ს წევრობის კანდიდატი ქვეყანა, თავისი რეფორმებით და ჩვენი წარმატება აისახოს ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში, ასევე, გაძლიერდეს ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა. ნატო და ნატო-ს წევრი ქვეყნები საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევენ ყველა ინსტრუმენტის განხორციელების პროცესში. ეს აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და ასევე, ზრდის ჩვენს თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

სამთავრობო სტრუქტურაში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ნატო-ში ინტეგრაციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის ფუნქცია ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩაიბარა.