კაია კალასი - ყველა ხვდება, რომ ომის მიმდინარეობისას უკრაინა ვერ გახდება ალიანსის წევრი, თუმცა ვილნიუსის სამიტის ბოლოს კონსენსუსს ველოდები
კაია კალასი - ყველა ხვდება, რომ ომის მიმდინარეობისას უკრაინა ვერ გახდება ალიანსის წევრი, თუმცა ვილნიუსის სამიტის ბოლოს კონსენსუსს ველოდები

ნატო-სთვის რუსეთი დღეს მთავარ საფრთხეს წარმოადგენს, რაც მოკავშირეებისგან თავდაცვის ხარჯების გაზრდას მოითხოვს, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, კაია კალასმა ასევე ისაუბრა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებელობასა და უკრაინის ნატო-ში გაწვერიანების საკითხზე.

ესტონეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ხვდება, რომ ომის მიმდინარეობისას უკრაინა ვერ გახდება ალიანსის წევრი, თუმცა, მისივე განცხადებით, უკრაინის ნატო-სკენ მიმავალ გზასთან დაკავშირებით ვილნიუსის სამიტის ბოლოს ის კონსენსუსს ელოდება.

„პოლიტიკური კუთხით, ჩვენ გვესმის ნატო-ს სხვადასხვა წევრი ქვეყნის შეშფოთება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის იგივე შეშფოთებები, რომლებიც ესტონეთის ალიანსში გაწევრიანების დროს ისმოდა. ცოტა ხნის წინ წავიკითხე წიგნი ნატო-ს ისტორიის შესახებ და ძალიან საინტერესო იყო, როგორ ეწინააღმდეგებოდა გერმანია ალიანსში ვიშეგრადის ქვეყნების გაწევრიანებას. მათ ეს არ სურდათ, მაგრამ შემდეგ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სჯობს, პოლონელებმა იბრძოლონ რუსებთან, ვიდრე გერმანელებმა. ახლა იგივე ხდება უკრაინელების შემთხვევაში, რომლებიც ახლა რუსებს ებრძვიან და არა გერმანელები, ესტონელები ან ამერიკელები“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.