მიხეილ ჯანელიძე - საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა
პირველი რესპუბლიკა და მისი საგარეო პოლიტიკა ეფუძნებოდა ჩვენს დასავლურ კურსს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართული დიპლომატიის მუზეუმის გახსნის შემდეგ განაცხადა.
„ეს იყო რესპუბლიკა, რომელიც ეფუძნებოდა ჰუმანურ სტანდარტებს, ევროპულ ღირებულებებს. ეს იყო ევროპული არჩევანი და ეს რესპუბლიკა შეიქმნა დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებით. ის კონსტიტუცია, რომელიც დაიწერა, იყო საუკეთესო იმ პერიოდში და იგი არის დღესაც ერთ-ერთი სამაგალითო. ჩვენ ძალიან დიდი ისტორია გვაქვს ევროპული მისწრაფებების კუთხით.
პირველი რესპუბლიკა და მისი საგარეო პოლიტიკა ეფუძნებოდა ჩვენს დასავლურ კურსს. იდგმებოდა პირველი ნაბიჯები და ხდებოდა ქვეყნის აღიარება, როგორც ევროპის ნაწილის. სამწუხაროდ, ეს დიდ ხანს არ გაგრძელდა, მაგრამ 1991 წლის შემდეგ ჩვენ მტკიცედ დავადექით ამ გზას და დღეს ძალიან ახლოს ვართ ევროკავშირთან, ახლოს ვართ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, ვართ ევროატლანტიკური სივრცის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი და ეს აღიარებულია ყველა ჩვენი მეგობრისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრის მიერ“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მისი თქმით, საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ნატო-სთან და ევროკავშირთან.
„არასდროს საქართველო ისე ახლოს არ ყოფილა ევროკავშირთან, როგორც არის დღეს და არასდროს – ასე ახლოს არ ყოფილა ნატო-სთან, როგორც არის დღეს. ეს არის ჩვენი უკეთესი მომავალი, ეს არის ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, ჩვენი მეტი უსაფრთხოება და ნათელი მომავალი მომავალი თაობებისთვის. ამისთვის ვიბრძვით და ამას ვაკეთებთ ისტორიის კარგად გააზრებით. სწორედ ამას ეძღვნება დღევანდელი გამოფენა. ჩვენი მიზანია, დავაარსოთ ქართული დიპლომატიის მუზეუმი, სადაც იქნება წარმოჩენილი ყველა ის მიღწევა და ქმედება, რომელიც გადაიდგა ქართული დიპლომატიის მიერ და რომელმაც დღევანდელი დღე მოიტანა. მოიტანა თავისუფალი საქართველო, რომელიც არის დასავლური სივრცის ნაწილი“, – განაცხადა ჯანელიძემ.