მიხეილ ჯანელიძე - ნიშანდობლივია, რომ საქართველო, სათხილამურო თვალსაზრისით ავსტრიის მსგავსი ქვეყნებისთვის საინტერესო ხდება
საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის გარეთ, ჩვენი საელჩოების მეშვეობით ახორციელებს სამთო-სათხილამუროს კურორტების რეკლამირებას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გუდაურში დიპლომატებს შორის გამართულ შეჯიბრზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მთავრობა ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოეზიდა.
“მოგეხსენებათ, წელს ჩვენ ველოდებით დაახლოებით ნახევარ მილიონ ტურისტს სამთო-სათხილამურო კურორტებზე. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ამ კამპანიით ქვეყნის გარეთ, ჩვენი საელჩოების მეშვეობით ახორციელებს ამ კურორტების რეკლამირებას. მე დღეს ამოვედი ავსტრალიელ ტურისტთან ერთად, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა ავსტრიელი მეგობრის მოწვევით. ძალიან ნიშნადობლივია ის ფაქტი, რომ საქართველო ხდება საინტერესო ისეთი ქვეყნებისთვისაც, როგორიც არის ავსტრია, რომელიც ცნობილია თავის კურორტებით.
პრემიერის ინიციატივა, რომ ქვეყანამ უმასპინძლოს ზამთრის ოლიმპიადას, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც მაქსიმალური მობილიზება მოვახდინოთ და დავისახოთ ამბიციური მიზნები, რომელსაც უნდა მივაღწიოთ, რაც საშუალებას მოგვცემს, კარგი ინფრასტრუქტურით აღჭურვილი კურორტები გვქონდეს”, – აღნიშნა მინისტრმა.
როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მეორედ ატარებს გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ამ შეჯიბრს, რომელიც ემსახურება საქართველოს ზამთრის კურორტების პოპულარიზაციას.
გუდაურში დიპლომატებს შორის სათხილამურო შეჯიბრი იმართება. ტურნირი Dipski2018 საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ არის ორგანიზებული. გუდაურში 100-მდე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი იმყოფება.