მიხეილ ჯანელიძე – ნატო-ში კომპრომისის საფუძველზე გაწევრიანების შესახებ დისკუსია არ მიმდინარეობს
ნატო–ში კომპრომისის საფუძველზე გაწევრიანების შესახებ დისკუსია არ მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენი ინტეგრაციის პროცესში ეს საკითხი არასდროს განხილულა. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელსაც ის ნატო–ს წევრობამდე მიჰყავს“, – ამის შესახებ მიხეილ ჯანელიძემ გადაცემის წამყვან ირაკლი აბსანძეს განუცხადა, რომელმაც ვაშინგტონური კვლევითი ორგანიზაციის Heritage Foundation–ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ნარკვევიდან ციტატა მოიყვანა. აღნიშნული ნარკვევის ავტორი ლუკ კოფი აცხადებს – „ნატო-ს ზოგიერთი წევრი შიშობს, რომ საქართველოს ალიანსში მიღება მოსკოვის მიერ ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების გამო, რუსეთთან ავტომატურ ომს გამოიწვევს. საქართველოს ოფიციალური პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ მოხარულები იქნებიან, დათანხმდნენ ნატო-ს წევრობას კომპრომისის საფუძველზე“.
გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, განიხილება თუ არა ქართული დიპლომატიური წრეების შიდა საუბრებში საქართველოს ნატო–ში გაწევრიანების საკითხი, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის შემდგომი მოგვარების იმედით, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ქართულ დიპლომატიურ წრეებში არ განიხილება.
მისი თქმით, ნატო–ში გასაწევრიანებლად საჭიროა, საქართველომ პრაქტიკული ინსტრუმენტები მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს.
„პრაქტიკული ინსტრუმენტია ნატო–საქართველოს კომისია, სადაც შესაბამის დონეზე ყველა მნიშვნელოვანი, პოლიტიკური თუ პრაქტიკული საკითხის განხილვა რეგულარულად ხდება. პრაქტიკული ინსტრუმენტია ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც საქართველოს კონკრეტული მიმართულებებით აძლიერებს და ნატო–ს სტანდარტებთან თავსებადს ხდის.
პრაქტიკული ინსტრუმენტია ასევე ეროვნული ყოველწლიური პროგრამა, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ქვეყნის თავდაცვის ნატო–ს სტანდარტებთან თავსებადობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ჯანელიძემ.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით ნატო–ს პოზიცია ძალიან მტკიცე, ურყევია და ეს ორგანიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ერთ–ერთი გარანტია.