მიხეილ ჯანელიძე - მოქალაქეები სწორად უნდა აღიქვამდნენ იმ საფრთხეებს, რაც ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალურ ქმედებებს უკავშირდება
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობას აქვს დაგეგმილი კონკრეტული ნაბიჯები საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის რეჟიმისა და თავშესაფრის მოთხოვნის პირობების დარღვევის პრევენციისთვის, -ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ჯანელიძის თქმით, მთავრობის ქმედებების ნაწილია მასშტაბური და ეფექტური საინფორმაციო კამპანიის წარმართვა, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ სწორი აღქმა მოკლევადიანი ვიზიტების პირობებისა და იმ საფრთხეების შესახებ, რაც უკავშირდება მათი მხრიდან არალეგალურ ვიზიტებს და თავშესაფრის უკანონო მოთხოვნებს.
მინისტრის თქმით, მან აღნიშნული საკითხი განიხილა მიუნხენში ქართულ დიასპორასთან შეხვედრის დროსაც. დიასპორის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, დაეხმაროს სახელმწიფოს მოქალაქეების სწორ ინფორმირებაში და ამ კუთხით მათი გამოცდილების გაზიარებაში, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე, რომელსაც თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი ეთქვა, უფრო მეტი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.
მინისტრის განცხადებით, დიასპორასთან შეხვედრისას განხილულ იქნა ასევე ერთობლივი კამპანიების წარმოების შესაძლებლობა, რაც მოემსახურება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენას.
„ვისაუბრეთ ერთობლივ კამპანიებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რათა საქართველოს პოზიტიური იმიჯი იქნას წარმოჩენილი. გერმანიაში ჩვენ გვაქვს ამის კარგი შესაძლებლობა წელს, რადგანაც ჩვენ ვართ საპატიო სტუმარი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე და მოგეხსენებათ, რომ წელს ასევე პირველად ისტორიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით იმართება სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება – პოლიტიკა და ლიტერატურა, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ საქართველო წარმოვაჩინოთ გერმანული საზოგადოების წინაშე პოზიტიური კუთხით და რა თქმა უნდა აქაც გავაჩინოთ მეტი პოზიტიური დამოკიდებულება ზოგადად საქართველოს ინტეგრაციული პროცესების მიმართ“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.