მიხეილ ჯანელიძე - კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ ვიზალიბერალიზაციით მინიჭებულ შესაძლებლობებს
საქართველოს მოქალაქეებს დღეს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ იმ შესაძლებლობას, რომელიც ვიზალიბერალიზაციით მოგვენიჭა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის პირობებით საქართველოს ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა.
„კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველა მოქალაქეს, რომ ეს არის 90-დღიანი ვიზიტისთვის განსაზღვრული უვიზო მიმოსვლა და შესაბამისად, აუცილებელია, დავიცვათ ეს პირობა, რათა გაგრძელდეს შეუფერხებლად და არ წარმოიშვას რაიმე კითხვები ვიზალიბერალიზაციის მოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით. ამ ეტაპზე, არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ გადაიხედოს ეს პირობები“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს ევროპარლამენტმა 2017 წლის 2 თებერვალს დაუჭირა მხარი, ხოლო გადაწყვეტილება 28 მარტიდან ამოქმედდა.