მიხეილ ჯანელიძე - ეუთო-ში მეგობართა ჯგუფმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 24-ე სხდომის ფარგლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ევროპაში არსებულ კონფლიქტებსა და შესაბამისად, აქტიურად იქნა განხილული მრავალი დელეგაციის მიერ საქართველოში არსებული კონფლიქტი, რა დროსაც საქართველოს პარტნიორმა და მეგობარმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართ.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ეუთო-ს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გამოიხატება ეუთო-ს აქტიური ჩართულობით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში და საქართველოს საკითხის ეუთო-ს დღის წესრიგში მუდმივი არსებობით.
საგარეო უწყების ცნობით, ამ მხრივ მინისტრმა ხაზი გაუსვა ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის აქტიურობას, რომელიც უკვე მეორე წელია ორგანიზაციის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას იღებს.
„მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია ეუთო-ში საქართველოს საკითხზე ვერ ხდება კონსენსუსის მიღწევა რუსეთის ფედერაციის პოზიციის გამო, მნიშვნელოვანია, რომ უკვე მეორე წელია ორგანიზაციის ფარგლებში გამოიკვეთა მეგობართა ჯგუფი, რომელიც აქტიურად უჭერს საქართველოს მხარს და მათი მხრიდან მიიღება საქართველოს მხარდამჭერი განცხადება, რომელიც მინისტერიალის დოკუმენტების ნაწილი ხდება. დღეს გაიმართა კონსულტაცია მეგობართა ჯგუფთან და ველოდებით, რომ ისევე როგორც გასულ წელს, გაკეთდება შესაბამისი განცხადება. მასში საუბარია როგორც საქართველოში მიღწეულ პროგრესზე დემოკრატული განვითარების კუთხით, ასევე განცხადება ხაზს უსვამს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რაზეც ასევე არის საუბარი საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებაშიც.
„ეს ვადლებულებებია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, და იმ შესაძლებლობების შექმნა, რომ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები იქნას წარმოდგენილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაშვებული იქნას საერთაშორისო ორგანიზაციები, გადაიდგას ნაბიჯები კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისათვის“, – განაცხადა ჯანელიძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო აქტიურად განაგრძობს მუშაობას საქართველოს საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის მიზნით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 24-ე სხდომაში, რომელიც 2017 წლის 7-8 დეკემბერს ვენაში გაიმართა. მიხეილ ჯანელიძე სიტყვით გამოვიდა პლენარულ სესიაზე და ორმხრივი შეხვედრები გამართა ეუთო-სწარმომადგენლებთან და წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რომლის შემადგენლობაში შედიან აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესტონეთი, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი.