მიხეილ ჯანელიძე - ჩვენი მიზანია, ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად გაიგონ, რა რისკებთან არის დაკავშირებული არალეგალური ვიზიტები და თავშესაფრის მოთხოვნები
პირველ რიგში, ჩვენი მიზანია, ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად გაიგონ, რა რისკებთან არის დაკავშირებული მათი არალეგალური ვიზიტები და თავშესაფრის მოთხოვნები, რამდენად მძიმეა მათთვის ეს, როგორც ფინანსურად, ასევე – შემდგომი შედეგებიდან გამომდინარე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პრემიერ-მინისტრთან საგანგებო თათბირის შემდეგ განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, მთავრობა ამ ინფორმაციას მაქსიმალურად ეფექტურად გაავრცელებს და შეეცდება, კიდევ ერთხელ, კამპანიური სახით მიაწოდოს მოსახლეობას.
„ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების წუხილს. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა შესაძლო ნაბიჯი, რომელიც ამ რისკებიდან დაგვაზღვევს, რომ თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს არ გახდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხების მიზეზი. ჩვენი მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები, როგორც შიდა კანონმდებლობის, ასევე პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით და ქვეყნის შიგნით შესაბამისი კამპანიის წარმოების კუთხით, რომელიც დაფარავს ყველა ასპექტს. პარტნიორ ქვეყნებთან ვიმუშავებთ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, თანამშრომლობა იდევ უფრო მეტად აქტიური იქნება ორგანიზებული კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ეს თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება და მომავალშიც გაგრძელდება, რათა ჩვენ ორივე გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ერთის მხრივ ორგანიზებულ დანაშაულთან ერთობლივ ბრძოლას და მეორე – თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას, ჩვენს პარტნიორებთან ერთად გადადგმული ნაბიჯებით გავუმკლავდეთ“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საგანგებო თათბირი გამართა, რომელშიც ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური მონაწილეობდნენ.