მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ ვვითარდებით და ნატო-სთან რეინტეგრაციისთვის ახალ შესაძლებლობებს ვქმნით
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და სუვერენიტეტის განმტკიცება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით უნდა მოხდეს, ესაა ჩვენი ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.
„რა თქმა უნდა, ეს საომარ ვითარებას და ნატო–ს რუსეთთან ძალისმიერი მეთოდებით დაპირისპირებას არ გულისხმობს. ეს გულისხმობს ჩვენს მეტ დემოკრატიულ სტანდარტს, მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, განვითარებულ სახელმწიფო ინსტიტუტებს, იმ ორგანიზაციის წევრობას, სადაც ღირებულებები და ადამიანის უფლებები ძვირფასია“, – განაცხადა ჯანელიძემ.
გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, მოვიდა თუ არა ინოვაციური იდეების დრო და აუცილებელია თუ არა ბევრად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველო ქმედით ნაბიჯებს დგამს.
„ჩვენ ვვითარდებით და რეინტეგრაციისთვის ახალ შესაძლებლობებს ვქმნით. ნატო–სთან ინტეგრაცია საქართველოს უფრო მეტად თავდაცვისუნარიანს ხდის და როგორც სახელმწიფოს, გვაძლიერებს. ეს არამც და არამც არ არის მიმართული ჩვენი თავდასხმითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა, რომელიც წევრ ქვეყნებს შესაძლო აგრესიისგან იცავს“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რუსეთი ცდილობს, საქართველოსთან მიმართებით საკუთარი პოლიტიკა მაქსიმალურად განახორციელოს. მათ შორის ცდილობს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით ჩვენი ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს, მაგრამ ამას წარმატებით ვერ ახერხებს, რადგან ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველო წარმატებული ქვეყანაა.