მიხეილ ჯანელიძე - აუცილებელია,  განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ სტატისტიკას, რომელიც მზარდია თავშესაფრის მაძიებელთა მიმართულებით
მიხეილ ჯანელიძე - აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ სტატისტიკას, რომელიც მზარდია თავშესაფრის მაძიებელთა მიმართულებით

დღეს ნამდვილად არ არის ის მოცემულობა, როდესაც შეიძლება ამოქმედდეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი, მაგრამ აუცილებელია, რომ სტატისტიკას, რომელიც მზარდია თავშესაფრის მაძიებელთა მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აკვირდება ვიზალიბერალიზაციის პროცესს და ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს პარტნიორ სახელმწიფოებთან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვითვალისწინებთ ყველა იმ წუხილს, რომელიც შეიძლება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ჰქონდეთ. დღეს ნამდვილად არ არის ის მოცემულობა, როდესაც შეიძლება ამოქმედდეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი, მაგრამ აუცილებელია, რომ სტატისტიკას, რომელიც მზარდია თავშესაფრის მაძიებელთა მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ. სწორედ ამისთვის გაიმართა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წევრების სპეციალური შეხვედრა, სადაც განვიხილეთ კონკრეტული გეგმები, რომლებიც, პირველ რიგში, უკავშირდება ჩვენი მოსახლეობის მაქსიმალურად ინფორმირებას, რა საფრთხეებთან არის დაკავშირებული მათი არალეგალური ვიზიტები ევროკავშირში და ასევე არაკანონიერი მოთხოვნები თავშესაფარზე, რადგან ისინი ამით ფინანსურ ზიანსაც იღებენ და სხვა რისკებთანაც არის დაკავშირებული. 

ჩვენ ასევე პარტნიორ ქვეყნებთან ​​ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ შსს-ს მეშვეობით, რათა ორგანიზებული დანაშაულის სფეროში კიდევ უფრო აქტიური იყოს ჩვენი თანამშრომლობა და რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ შიდა რეგულაციებზე, რომლებიც შესაბამის მექანიზმებს შექმნის, რათა არ მოხდეს ამ რეჟიმის არაკანონიერად გამოყენება“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

კითხვას, გერმანიის გარდა, რომელმა ქვეყანამ გამოხატა პრეტენზია საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელების საკითხზე, საგარეო საქმეთა მინისტრი პასუხობს:

„სტატისტიკას ჩვენ ყველა ქვეყანასთან ვცვლით, იყო რამდენიმე სახელმწიფო, სადაც გაზრდილი იყო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, მაგრამ ყველა ქვეყანასთან ორმხრივ რეჟიმში ვმუშაობთ და აბსოლუტურად ყველა ნაბიჯს ვდგამთ იმისთვის, რომ ამან საფრთხე არ შეუქმნას ვიზალიბერალიზაციას“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.