მიხეილ გიორგაძე - სსიპებ-ის გაერთიანების მიზანი არის სამინისტროს მმართველობის სისტემის ეფექტურობის გაზრდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ სამინისტროებში სსიპებ-ის გაერთიანების მიზანი არის სამინისტროს მმართველობის სისტემის ეფექტურობის გაზრდა.
როგორც გიორგაძემ აღნიშნა, სსიპებ-ის გაერთიანების მიზანია ასევე ფინანსების კონსოლიდირება, რომლებიც ხშირად გაფანტულია სხვადასხვა სსიპ-ებში და სამინისტროს ცენტრალურ აპარატს შორის.
მისივე თქმით, სსიპებ-ის გაერთიანების თვითმიზანი არავითარ შემთხვევაში არ არის ის, რომ მოხდეს რაიმე სახის კადრობრივი ან სხვა ტიპის ოპტიმიზაცია.
„აბსოლუტურად გაუგებარი, გასაკვირი და გულსატკენიც არის ნეგატივი, რომელიც წარმოიშვა ამ საკითხების გარშემო. კლასიკური მაგალითი არის სწორედ ფეიკნიუსი, რომელშიც საუბარია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ რაღაცის გაუქმებაზე, რაღაცის დანგრევაზე და არა იმაზე, რომ იქმნება სხვადასხვა სსიპებ-ის გაერთიანება. სარგებლის მომტანი არის, ან შეიძლება იყოს და ვიმსჯელოთ ამაზე, არა იმაზე, თუ რა დაინგრა და გაუქმდა. ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს უერთდება სხვა სსიპ-ები, ის ხელმძღვანელები რჩებიან ადგილზე. იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა სსიპ-ების გაერთიანების საფუძველზე ახალი სსიპ შეიქმნება. იქ რა თქმა უნდა, ხელმძღვანელი არ არის გამორიცხული, იყოს როგორც ერთ-ერთი ყოფილი სიპ-ის ხელმძღვანელი, ისე სრულიად ახალი ადამიანი. ამაზე მსჯელობა დღეს მიმდინარეობს. სახელებსა და გვარებს ნუ მომთხოვთ“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების სსიპ ორგანიზაციები და სამინისტროს სისტემაში არსებული მცირეკონტინგენტიანი დაწესებულებები გამსხვილდება და გაძლიერდება.
სამინისტროს ცნობით, გამსხვილების შედეგად, მცირე მოცულობის დაფინანსებისა და საშტატო ერთეულების მქონე სსიპ-ები შეუერთდებიან სფეროში არსებულ სტრატეგიული დანიშნულების სსიპ-ებს, თემატურად და ფუნქციურად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებს და გაერთიანდებიან ერთ ორგანიზაციად.