მიხეილ გიორგაძე - მსხვილი სსიპ-ის შექმნა მის გაძლიერებას გულისხმობს და არა გაუქმებას
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, სამინისტროს სსიპ-ების გაერთიანების პროცესი ემსახურება სამინისტროს მმართველობის ეფექტურობის გაზრდას და ასევე, დარგობრივი და სექტორული სსიპ-ების გაძლიერებას.
„ვფიქრობ, ერთმნიშვნელოვნად ეფექტი მხოლოდ დადებითი ექნება ამ ცვლილებებს და ის აჟიოტაჟი, რომელიც ატყდა ამა თუ იმ კონკრეტული გადაწყვეტილების გარშემო, უბრალოდ უსაფუძვლოა, იმიტომ რომ აქცენტირება კეთდება რაღაცის გაუქმებაზე და არა იმაზე, რაც რეალურად ხდება – რაღაც ახლის და უკეთესის შექმნაზე”, – განაცხადა გიორგაძემ.
მისივე განმარტებით, ცვლილებები არ გულისხმობს დასაქმებული კადრების შემცირებას.
„არავითარ შემთხვევაში ამ გაერთიანების თვითმიზანი არ არის კადრების შემცირება, ან რომელიმე კადრის დაკარგვა. არაერთხელ საჯაროდ განმიცხადებია, რომ ძალიან ვაფასებ როგორც ხელმძღვანელებს, ასევე მათთან მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, სსიპ-ების კოლექტივებს. ვაფასებ მათ კომპეტენციასა და გამოცდილებას. შესაბამისად, ეს ცვლილებები ნამდვილად არ არის მიმართული იმისკენ, რომ საკადრო ოპტიმიზაცია მოხდეს. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, გამოცდილი და კომპეტენტური კადრები გვყავს და არ უნდა დავკარგოთ ისინი. ბუნებრივია, ეს კოლექტივები ახალ გაერთიანებაში მოიაზრებიან”, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების დაქვემდებარებაში არსებული კულტურის მიმართულების სსიპ ორგანიზაციები და სამინისტროს სისტემაში არსებული მცირეკონტიგენტიანი დაწესებულებები გამსხვილდება და გაძლიერდება.
სამინისტროს ცნობით, გამსხვილების შედეგად, მცირე მოცულობის დაფინანსებისა და საშტატო ერთეულების მქონე სსიპ-ები შეუერთდებიან სფეროში არსებულ სტრატეგიული დანიშნულების სსიპ-ებს, თემატურად და ფუნქციურად მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებებს და გაერთიანდებიან ერთ ორგანიზაციად.