მიხეილ დუნდუა - ქვეყანა აგრძელებს ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლების დემონსტრირებას, პირველი კვარტლის 7.2 პროცენტით ზრდა მიუთითებს, რომ შეიძლება, უფრო მაღალი ზრდის მოლოდინი გაგვიჩნდეს
საქართველო აგრძელებს ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლების დემონსტრირებას, პირველი კვარტლის 7.2 პროცენტით ზრდა მიუთითებს, რომ შემდგომ კვარტლებში შეიძლება, უფრო მაღალი ზრდის მოლოდინი გაგვიჩნდეს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ძლიერდება იმის ალბათობა, რომ წელსაც შეიძლება ითქვას წელიწადის ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულებაზე.
„საქართველო აგრძელებს ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლების დემონსტრირებას. პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 7.2 პროცენტით განისაზღვრა. ჩვენ თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა პირველ კვარტალში გვქონდა, ყველაზე ნაკლები ეკონომიკური ზრდის მოლოდინი წელს სწორედ პირველ კვარტალში იყო.
მოუხედავად ამისა, პირველი კვარტლის 7.2 პროცენტით ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ შემდგომ კვარტლებში უფრო მაღალი ზრდის მოლოდინი შეიძლება გაგვიჩნდეს და ალბათობა იმისა, რომ წელსაც შეიძლება ვთქვათ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დასრულდეს წელიწადი, ეს ალბათობა ძლიერდება.
ჩვემ ვხედავთ, როგორ უმჯობესდება სავალუტო კურსი, ინფლაცია მიდის მიზმობრივ ნიშნულამდე და, საბოლოო ჯამში, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, ინფლაციის შემცირება, ლარის კურსის სტაბილიზაცია, მისი გაძლიერება, ბუნებრივია, კეთილდღეობის პარამეტრების გაუმჯობესებაზე პირდაპირ აისახება“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 7.2 პროცენტით განისაზღვრა.