მიხეილ დუნდუა - კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო და საქართველო თუ სოციალური სახელმწიფოა, ბიუჯეტის სოციალური აქცენტები არის პატივსაცემი
კონსტიტუციაში გვიწერია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო და საქართველო თუ სოციალური სახელმწიფოა, ბიუჯეტის სოციალური აქცენტები არის პატივსაცემი, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ბიუჯეტის სოციალური აქცენტები ნამდვილად პატივსაცემია, იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფო ცდილობს, წლიდან წლამდე გააუმჯობესოს და მეტი ფინანსები მიმართოს სოციალური კეთილდღეობის ასამაღლებლად. ეს საპენსიო მიმართულებასაც ეხება, სახელფასო ანაზღაურებასაც, მაგალითად, პედაგოგების თვალსაზრისით, და სხვა უამრავ ნიუანსს. გარდა ამისა, ესაა განვითარების ბიუჯეტი. აქ მნიშვნელოვანი აქცენტებია ინფრასტრუქტურული, ეკონომიკური განვითარების თუ კერძო სექტორის წახალისების კუთხით, რათა დოვლათი შეიქმნას“, – განაცხადა დუნდუამ.
მისი თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს საინვესტიციო პროცესის მხარდასაჭერად, როგორც თავისი მონაწილეობით, ისე მხარდაჭერით.
„ჩვენ ძალიან მაღალი საინვესტიციო აქტივობა გვქონდა უცხოური ინვესტიციების კუთხით 2022 წელს, ძალიან მაღალი გვაქვს 2023 წელს, ახლაც, დაახლოებით, ორი მილიარდის მიდამოში ველოდებით ინვესტიციების მაჩვენებელს და მაღალი გვექნება 2024 წელსაც. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რაც დასჭირდება, როგორც თავისი მონაწილეობით, ისე მხარდაჭერით. სახელმწიფო ინვესტორს შეუქმნის მაქსიმალურ კომფორტს, რომ მან ქვეყნის აღორძინებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს. ამას აკეთებდა სახელმწიფო შარშანაც, წელსაც და მომავალ წელსაც ამავეს გააკეთებს“, – განაცხადა დუნდუამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ხდება თუ არა ინვესტიციების მოზიდვა სტრატეგიული მიმართულებით, რაც ქვეყანას სჭირდება, მიხეილ დუნდუამ აღნიშნა, რომ 2022 და 2023 წელს განხორციელებული ინვესტიციები საკმაოდ დივერსიფიცირებულია.
„რა თქმა უნდა, წამყვანი შეიძლება, იყოს საფინანსო სექტორი ან, მაგალითად, სამშენებლო სექტორი, მაგრამ ეს წამყვანობა იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები უმეტესწილად ამ მიმართულებით არის. ის დივერსიფიცირებულია სხვადასხვა დარგის მიხედვით. თუმცა საფინანსო სექტორში ინვესტიციების განხორციელება ნიშნავს შემდეგს – საფინანსო სექტორი წარმოადგენს ფულის მიმწოდებელს კერძო სექტორისთვის და საფინანსო სექტორში თუ დებ ინვესტიციას, საფინანსო სექტორი შემდგომ აკრედიტებს და ეს ფული გადაედინება ეკონომიკის სხვადასხვა დარგში, შეიძლება, მცირე სიდიდის დარგებში, რომელიც მეტად მაღლა უნდა წამოიწიოს და მეტი ეფექტი მოგვცეს, მცირე და საშუალო ბიზნესი განავითაროს“,- განაცხადა დუნდუამ.
გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, არის თუ არა რეალურად პრობლემა სესხებზე მაღალი პროცენტი, რაც ხშირ შემთხვევაში ბიზნესისთვისაც კი მაღალია და, მათ შორის, პრობლემა არის, მაგალითად, ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც ასევე საკმაოდ მკაცრია, მიხეილ დუნდუამ უპასუხა, რომ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დამატებითი ფინანსების მოზიდვა, რათა საფინანსო სექტორმა შეძლოს, მეტი რესურსით უფრო მეტი თანხა მიაწოდოს კერძო სექტორს. რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის მაღალ დონეზე დაჭერას, დუნდუას თქმით, მსოფლიოში არსებული გლობალური ინფლაციური პროცესებიდან გამომდინარე, ეს გარდაუვალი აუცილებლობა გახდა და ფაქტია, ინფლაცია უკვე ჩამოსცდა მიზნობრივ მაჩვენებელს, ახლა კი უკვე თანდათანობით მიმდინარეობს შერბილების პროცესი, რადგან ინფლაცია სტაბილურდება.
მისივე თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ძლიერი სოციალური მხარდაჭერის პოლიტიკასთან ერთად, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, ბუნებრივია, კეთილდღეობის დონის ზრდამ უნდა გადაასწროს ფასების დონის ზრდას და ეს პროცესი მიმდინარეობს.
„მაღალი ეკონომიკური ზრდა როდესაც არის და ამ დროს ინფლაცია სტაბილურობისკენ მიდის, რაც ახლა ხდება, ბუნებრივია, ეს კეთილდღეობის პარამეტრებს აუმჯობესებს“, – აღნიშნა დუნდუამ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით საქართველო წელს კავკასიაში პირველ ადგილზე გავიდა, უსწრებს აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც, 2023 წლიდან ასწრებს ჩრდილოეთ მაკედონიას და 2028 წლისთვის ქვეყანას გაცილებით მაღალი შედეგი ექნება.