მიხეილ დაუშვილის განცხადებით, გიორგი გახარია აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს დამოუკიდებლად შეხვდა და არა - „ნაციონალური მოძრაობის“ ან სხვა პარტიის წევრებთან ერთად
პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, გიორგი გახარია აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს, კრის სოჩას დამოუკიდებლად შეხვდა და არა – „ნაციონალური მოძრაობის“ ან სხვა პარტიის წევრებთან ერთად.
მისივე თქმით, პარტნიორები ქვეყნის ან მოქალაქის მიმართ ნებისმიერ სანქციას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ ამისთვის კონკრეტული საფუძველი ექნებათ.
„რეალობა ისაა, რომ გიორგი გახარია იმ სასტუმროში მისული იყო იმისათვის, რომ შეხვედრა უნდა გამართულიყო. ეს შეხვედრა არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ან სხვა პარტიის წევრებთან ერთად. ფაქტობრივად, თავად, დამოუკიდებლად შეხვდა. ეს ყველაფერი, იცით, რომელი ჟანრიდან არის? თითქოს ამერიკაში გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილს სასტუმროში რომ შეხვდა, „კოკაინშიკი“ რომ არის. ეს იაფფასიანი ტყუილებია. გიორგი გახარიამ რაზე ისაუბრა, ამაზე ხომ არ ვსაუბრობთ? იმის თქმა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად შეხვდა და ქვეყნის სანქცირებას ითხოვდა – ტყუილსაც ხომ რაღაც საზღვარი უნდა ჰქონდეს?
ვინც ეს ტყუილი გაავრცელა, მათ ადგილზე გიორგი გახარიას ეთერში მივიწვევდი და იქ დაველაპარაკებოდი, რას ხედავს, როგორ ხედავს და იმას მაინც ვკითხავდი, ვის შეხვდა და რაზე ისაუბრა. ნებისმიერ სანქციას, რომელიც ქვეყანას ან მის მოქალაქეს ეხება, ჩვენი პარტნიორები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ მათ კონკრეტული საფუძველი ექნებათ. ეს საფუძველი რა შეიძლება იყოს? მაგალითად, ის, რომ რუსეთს ეხმარება სანქციების თავის არიდებაში, რუსეთს ეხმარება უკრაინაში ომის წარმოებაში და ასე შემდეგ. თუ ასეთი საფუძვლები იარსებებს, მნიშვნელობა არ აქვს, ივანიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, დასანქცირდება. ამერიკამ მოსამართლეების დასანქცირებისას კონკრეტული საფუძვლები წამოაყენა და თქვა, ამ მიზეზებიდან გამომდინარე ვიყენებთო. თუ ასეთი მტკიცებულებები არ არსებობს, როგორც წარმოგიდგენიათ? მოვლენებს არ უნდა გავასწროთ, ეს პროცესი სურვილებზე ხომ არ არის აწყობილი, აწყობილია ფაქტებსა და მტკიცებულებებზე“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილთან ერთად შეხვედრები გამართა აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსთან, კრის სოჩასთან, სადაც მისი თქმით, სანქციების საკითხიც იყო განხილული. ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობდა გიორგი გახარიაც.