გიორგი ვაშაძე - აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსთან სანქციებზეც გვქონდა საუბარი, ყველაფერი დამოკიდებულია ფაქტებზე, მუშაობაზე
გიორგი ვაშაძე - აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსთან სანქციებზეც გვქონდა საუბარი, ყველაფერი დამოკიდებულია ფაქტებზე, მუშაობაზე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს, კრის სოჩას შეხვდა. 

როგორც შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს უნდა დაელოდონ.

„ეს იყო უმნიშვნელოვანესი შეხვედრა. კრის სოჩა არის ადამიანი, რომელიც ძალიან აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და დიდი გავლენა აქვს მის სიტყვას, პოზიციას აშშ-ში. ამერიკა მხარს უჭერს ქართველ ხალხს და „ქოცობა“ რაც არ უნდა ხელს აწერდეს რაიმე დოკუმენტებს ჩინეთთან თუ სხვასთან, ვერაფრით გაქარწყლდება სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. ეს იყო დახურული შეხვედრა, ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ღიად გეუბნებით, რომ ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს უნდა ველოდეთ. რას ვგულისხმობთ და როგორ იქნება, ამაზე საუბრის უფლება არ გვაქვს. ის უზარმაზარი ინვესტიცია, რაც ჩადებული აქვს აშშ-ს საქართველოს ფეხზე დაყენებაში, ასობით მილიონი და მილიარდები, რათა გვქონდეს გზა, რაღაც ინსტიტუციები, იუსტიციის სახლი თუ ნებისმიერი სხვა პროექტი, ასე ვერ გადაიყრება, რაც არ უნდა პრორუსული იყოს საქართველოში ხელისუფლება. ამიტომ სრული მხარდაჭერა ექნება ყველა მედასავლეთეს და აუცილებლად უფრო ღიად გამოაშკარავდება, ვინ მუშაობს რუსული ინტერესების გასატარებლად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კითხვაზე, შეხვედრაზე სანქციების გაფართოებაზე ხომ არ იყო საუბარი, ვაშაძემ განაცხადა:

„რა თქმა უნდა, ღიად ვამბობ, რომ ამაზეც გვქონდა საუბარი. სანქციების თემა იყო განხილვის საგანი. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტს ვერ გეტყვით. ყველაფერი დამოკიდებულია ფაქტებზე, მუშაობაზე. „გამარჯვების პლატფორმას“ ოქტომბერში გვექნება ძალიან მაღალ დონეზე ვიზიტი აშშ-ში. ჩავთვალოთ, რომ დღევანდელი შეხვედრა ამ ვიზიტის მოსამზადებელი შეხვედრაც იყო“, – აღნიშნა გიორგი  ვაშაძემ.