მიხეილ დაუშვილი - მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დავუჭირეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ პროცესი ეწინააღმდეგება მიშელის შეთანხმებას
ჩვენ არ დავუჭირეთ მხარი მოსამართლეობის კანდიდატებს, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი ლეგიტიმური არ არის, ეწინააღმდეგება მიშელის შეთანხმებას, ჩვენს საერთაშორისო დასავლურ მისწრაფებებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში ძირეული რეფორმის განხორციელებამდე მოსამართლეების დანიშვნის პროცესი უნდა შეჩერებულიყო.
„პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არის აბსოლუტურ წინააღმდეგობაში იმ გამოწვევებთან, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია და სასამართლო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემა. სამწუხაროდ, მოქმედმა მმართველმა ძალამ მაინც დანიშნა უზენაესი მოსამართლეები უვადოდ. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია იყო და არის უცვლელი. ეს პროცესი უნდა შეჩერებულიყო. ჩვენ რა თქმა უნდა, მხარი არ დავუჭირეთ მოსამართლეობის კანდიდატებს, რადგან მიგვაჩნია, რომ პროცესი ლეგიტიმური არ არის, ეწინააღმდეგება მიშელის შეთანხმებას, ჩვენს საერთაშორისო დასავლურ მისწრაფებებს. ამასთან, დარწმუნებული ვართ, რომ პროცესი უნდა შეჩერებულიყო. პირველ რიგში, სასამართლო სისტემაში ძირეული რეფორმა უნდა განხორციელებულიყო. მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სასამართლოს ძირეული რეფორმის შემდეგ შეიძლებოდა უკვე მოსამართლეების დანიშვნა. იქამდე ეს პროცესი უნდა შეჩერებულიყო. შესაბამისად, ჩვენ მხარი არ დავუჭირეთ არც ერთ კანდიდატს და მიგვაჩნია, რომ სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები და პრობლემები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი დაამტკიცა.